ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აქციების ფასმა უკანასკნელი ოთხი თვის მაქსიმუმს მიაღწია, შედეგად კი, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კიდევ ერთხელ გადასცდა $3-ტრილიონიან ნიშნულს. MarketCap-ის ბოლო მონაცემებით, Apple-ის აქციების ღირებულება 2%-ით, დაახლოებით $193-მდე გაიზარდა, ფირმის საბაზრო ღირებულებამ კი $3.01 ტრილიონს მიაღწია.
Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა და ამავდროულად ერთადერთია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ოდესმე $3 ტრილიონს გადასცდენია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 54%-ითაა გაზრდილი. კომპანიამ გასულ თვეში მის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი მესამე კვარტალის შედეგებიც გამოაქვეყნა, ანალიტიკოსები კი ახალ რეკორდებს მეოთხე კვარტალშიც ელოდებიან.
ანალიტიკოსთა პროგნოზით, ფისკალური პერიოდის განმავლობაში, რომელიც მომდევნო თვეში სრულდება, Apple-ის შემოსავალი – $118 მილიარდს, მოგება კი $32.4 მილიარდს მიაღწევს. ინვესტორთა ნდობის განმტკიცებაში კომპანიას მისი სწრაფად მზარდი სერვისების განყოფილებაც ეხმარება. Sensor Tower-ის მონაცემებით, გასულ თვეში App Store-ის ხარჯების წლიურმა ზრდამ 11% შეადგინა, რაც აძლიერებს პროგნოზებს, რომ მიმდინარე კვარტალში სერვისების განყოფილების საერთო ზრდა 16%-ს მიაღწევს.
მხოლოდ წელს Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $940 მილიარდით გაიზარდა. ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან ერთად, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ელიტურ კლუბში ამჯერად კიდევ 5 კომპანიაა: Microsoft-ი, Saudi Aramco, Alphabet-ი, Amazon-ი და Nvidia. მათგან კი მხოლოდ Microsoft-ი ($2.8 ტრილიონი) და Saudi Aramco ($2.1 ტრილიონი) სცდებიან $2-ტრილიონიან ნიშნულს.