ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნება | რამდენით გაიზრდება ტვირთბრუნვა?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნება | რამდენით გაიზრდება ტვირთბრუნვა?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მოდერნიზებული და გაფართოებული მონაკვეთი 20 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზის გაერთიანების თავმჯდომარე ავრცელებს. მისი განმარტებით, სარკინიგზო ხაზის საქართველოს 184-კილომეტრიანი მონაკვეთის განახლება, გაფართოება, რესტავრაცია და რეკონსტრუქცია დასრულებულია და ტვირთების გადაზიდვის ოპერაციები თვის ბოლოს განახლდება.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის გაფართოების შემდეგ წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის მიზანი, ტვირთბრუნვის გაზრდის გარდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდაც არის.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის შეკეთება-მოდერნიზაცია 2022 წელს დაიწყო. მთლიანობაში სარკინიგზო ხაზის სიგრძე 826 კილომეტრია და ის აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზს თურქეთთან აკავშირებს. უფრო გლობალურად, სარკინიგზო ხაზი ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან უფრო სწრაფად აკავშირებს. აღნიშნული გზა ჩინეთიდან ევროპამდე ტვირთის ჩატანას 15 დღეს ანდომებს, მაშინ როდესაც სხვა გზებით ეს 25-45 დღეშია შესაძლებელი.

სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური ტვირთბრუნვა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. სარკინიგზო ხაზის პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად და, შესაბამისად, სამუშაოების გასაფართოებლად, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ. აღნიშნული კომპანია სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებაზე იმუშავებს.