ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე, Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაკარგა. ამჟამად გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია – Saudi Aramco იკავებს.
აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი, 8.3%-იანი მაჩვენებლის დაფიქსირების გამო, გასულ 24 საათში ძირითადი საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა: S&P 500-ის ღირებულება 1.65%-ით შემცირდა; Dow Jones-ი 1.02%-ით დაეცა; Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 3.18%-ითაა შემცირებული. საფონდო ბირჟის დაღმასვლის ფონზე, ერთ დღეში მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულება 5.18%-ით დაეცა, ხოლო ერთთვიან ჭრილში Apple-ის აქციების ფასი 12.6%-ითაა შემცირებული.
ამჟამად Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.37 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, Saudi Aramco-ს ღირებულება კი 2.42 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია, თუმცა ამის შემდეგ მისი ღირებულება ფაქტობრივად არ გაზრდილა, რადგან როგორც აღნიშნული კომპანიის აქციები, ასევე საფონდო ბირჟები ბოლო სამი თვის განმავლობაში დაღმასვლის ტრაექტორიაზეა. ეს მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდით, ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.
საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების ზრდით ყველაზე დიდ სარგებელს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ. მათი შემოსავლიანობის მკვეთრად ზრდის ფონზე, იმატებს იმ ინვესტორთა რაოდენობაც, რომელთაც ასეთი კომპანიების აქციების შეძენა სურთ. შესაბამისად, ენერგეტიკული კომპანიების საბაზრო ღირებულებაც სტაბილურად იზრდება.
გასული ორი თვის განმავლობაში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე საუკეთესო შედეგები სწორედ ენერგეტიკულ სექტორსა და მომიჯნავე სფეროებში წარმოდგენილმა კომპანიებმა დააფიქსირეს, ყველაზე ცუდი კი – ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს Saudi Aramco-ს საბაზრო ღირებულება თითქმის 28%-ით გაიზარდა; Apple-ის კი 19.5%-ით შემცირდა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიციის დასაკავებლად Apple-სა და Aramco-ს შორის პაექრობა წლების განმავლობაში გრძელდება და მათ ადგილები უკვე არაერთხელ გაცვალეს, თუმცა ეს 2020 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ლიდერობა დაკარგა.