ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა და $85.8 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პარალელურად, iPhone-ის გაყიდვები კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება.
FactSet-ის თანახმად, 30 ივნისს დასრულებული კვარტალის მონაცემებით, ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ – $1.40-ს, ხოლო შემოსავალმა $85.8 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკოსები Apple-ის მიერ აქციაზე $1.34-ის მოგებას, შემოსავლის სახით კი $84.4 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. მეორე კვარტალში ამერიკული კომპანიის მოგებამ $20.7 მილიარდს მიაღწია – 11%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამის მიუხედავად, 2021 წლის მესამე კვარტალის შემდეგ iPhone-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა $39.3-მილიარდიანი შემოსავლით, Apple-ის სმარტფონების ბიზნესმა ანალიტიკოსთა პროგნოზების ($38.6 მილიარდი) გაუმჯობესება ამ შემთხვევაშიც მოახერხა.
ცნობისთვის, მხოლოდ ჩინეთიდან Apple-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა მეორე კვარტალში $14.73 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან შემოსავლების კლება ზედიზედ უკვე მეოთხე კვარტალია, ფიქსირდება.
FactSet-ის მონაცემებით, ივნისის კვარტალი ერთ აქციაზე მოგებითა და შემოსავლით Apple-ისთვის საუკეთესო იყო. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 1%-ით გაიზარდა.