აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა. ამასთანავე, 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ით განისაზღვრა.

აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი შემდეგ დარგებს მიუძღვის: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში აღინიშნა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 102.7, წინა თვესთან შედარებით კი 99.3 შეადგინა. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა კი, შესაბამისად, 94 და 99.

რაც შეეხება აპრილში საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს – ექსპორტმა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს მცირედ გადააჭარბა, იმპორტი კი 1.09 მილიარდ აშშ დოლარს გადასცდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტის მოცულობამ – 1.96 მილიარდი აშშ დოლარი, იმპორტის მოცულობამ კი 4.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 6.1%-ს გაუტოლდა.

ამასთანავე, საქსტატის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები აპრილში შემდეგნაირად გამოიყურება: ხარჯი – 1.34 მილიარდი ლარი, შემოსავლები – 1.92 მილიარდი ლარი.

ცნობილი გახდა საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვების აპრილის მაჩვენებლები: კომერციული ბანკების შემთხვევაში ეს 321 მილიონ ლარს აღემატება, ეროვნული ბანკის შემთხვევაში კი 6.3 მილიონ ლარს შეადგენს.