არჩევნების შემდეგ მასკი $50 მილიარდით გამდიდრდა

არჩევნების შემდეგ მასკი $50 მილიარდით გამდიდრდა

აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გავლენით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ღირებულება გაიზარდა, მასკი კი, რამდენიმე მილიარდით გამდიდრდა. ორშაბათის მდგომარეობით, ბირჟის დახურვის შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულებამ 9%-ით, $350-მდე მოიმატა – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის აპრილის შემდეგ.

შედეგად, Tesla-ს აქციების ფასი, გასულ სამშაბათთან შედარებით, 39%-ითაა გაზრდილი. კომპანიის მაღალი შედეგებით კი ყველაზე მეტად Tesla-ს უმსხვილესმა აქციონერმა ილონ მასკმა ისარგებლა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებას, არჩევნების შემდეგ, $54 მილიარდი შეემატა. ამჟამად, Forbes-ის შეფასებით, მასკი $320 მილიარდს ფლობს.

მასკი ახლა $90 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი, Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი ($231 მილიარდი). მესამე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი $223 მილიარდით.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ილონ მასკი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და შემწირველი იყო. არსებული ინფორმაციით, მასკმა ტრამპის მხარდამჭერი PAC-ებისთვის $120 მილიონზე მეტი გაიღო.

არჩევნების დღის შემდეგ, დაახლოებით $300 მილიარდით გაიზარდა Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციაც. 10 ნოემბრის მდგომარეობით, საფონდო ბირჟაზე კომპანიის ღირებულებამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში $1-ტრილიონიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა. ამჟამად, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1.1 ტრილიონს უტოლდება.