საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე “საქმიან დილასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებული იყო. მისივე განმარტებით, პროექტის გაგრძელებაზე მსჯელობა ამჟამად არ მიმდინარეობს.
“5 700 სესხია სუბსიდირებული, რაც 550 მლნ ლარის თანხას შეადგენს. 5 700 სესხიდან 1 500 სესხამდე საკრედიტო საგარანტიო სქემაშია ჩართული, რაც, ჯამში, 150 მლნ ლარია.
წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტი გრძელდება და არ არის მოლოდინები, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ რისკიც არსებობს, პროექტიდან ერთბაშად გამოსვლა იქნება კარგი გამოსავალი, თუ ნელ-ნელა გამოსვლა. მუდმივად სუბსიდია ვერ იქნება, თუ აღნიშნულ პროექტზე საუბარი შედგება, მსჯელობა უფრო მეტად პროექტიდან გამოსვლის მექანიზმზე იქნება და არა – მის გაგრძელებაზე. სუბსიდირების პროექტმა სესხების გაცემის რაოდენობით მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა, აქტივობა ახლაც მაღალია და ამ კუთხით წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. ასევე, პროექტმა ხელი ლარიზაციის პროექტსაც შეუწყო”, – აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.