საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა, AS Monaco-მ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრ-ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
რომანოს განცხადებით, „მონაკომ“ „მეცს“ სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე გაუგზავნა. კლუბი შეთანხმების ბოლომდე მიყვანს EURO 2024-ის დასრულებამდე ცდილობს. „მონაკოს“ აჩქარება გასაკვირი არ არის, ვინაიდან გიორგი მიქაუტაძე აღნიშნულ ტურნირზე საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მისი შეძენით სხვა მაღალი დონის კლუბებიც დაინტერესდებიან.
გიორგის EURO 2024-ზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში სამი გოლი აქვს გატანილი, ასევე მის ანგარიშზეა ერთი საგოლე გადაცემა, რომლის წყალობითაც პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩში ანგარიში გაიხსნა. გიორგიმ ამავე შეხვედრაში პენალტი წარმატებით შეასრულა და EURO 2024-ის ბომბარდირების სიას სათავეში მოექცა.
ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო განახლების შემდეგ, Transfermarkt-ზე მიქაუტაძის ფასი 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი ასპარეზობის გავლენით, არ არის გამორიცხული, „მეცმა“ ფეხბურთელში მეტის გადახდა მოითხოვოს.
შეგახსენებთ, გიორგის „მეცთან“ კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ეწურება. გარდა ნაკრებისა, მიქაუტაძეს საკლუბო კარიერაშიც წარმატებული სეზონი ჰქონდა, მან ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.