ბრიუსელში, სირიის მხარდამჭერ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ ომით დაზარალებული სირიელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 800 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
„სირიაში უკვე 10 წელია ომი მიმდინარეობს და ამით ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან. ხალხი შიმშილობს, სამედიცინო ტვირთი კი ადამიანებამდე ვერ აღწევს. შეერთებული შტატები ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დონორია. დაზარალებულების მხარდაჭერა კი მისი უმთავრესი ღირებულებაა“ – განაცხადა ლინდა ტომას გრინფილდმა.
აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება აშშ-ის მიერ სირიაში გაგზავნილი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ერთადერთი მარშრუტი სირია-თურქეთის საზღვარზე ბაბ ალ-ჰავაზე გადის. თუმცა, აღნიშნული გზის არსებობა საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს ბადებს. გაერომ გასულ წელს საზღვრის ღიად დატოვების გადაწყვეტილება ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულის ვადა კი ივლისში სრულდება. შესაბამისად, გაეროს უშიშროების საბჭოს ამ საკითხზე მსჯელობა უახლოესი პერიოდის განმავლობაში კვლავ მოუწევს.
თავად ლინდა ტომას გრინფილდმა საზღვრის ღიად დატოვების სურვილი ღიად გამოთქვა. მისი განმარტებით, ბაბ ალ-ჰავას სირიელებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა, საინტერესოა წელს რუსეთს როგორი პოზიცია ექნება. შარშან კრემლმა მხარი საზღვრის ღიად დატოვებას დაუჭირა. თუმცა, წელს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს.