აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთიდან იმპორტირებულ გარკვეული სახის პროდუქციაზე სატარიფო გამონაკლისი დაუშვა. შედეგად, ამერიკაში ჩინეთიდან იმპორტირებულ სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებზე ტარიფები აღარ გავრცელდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები დიდ შეღავათებს მიიღებენ.
ტარიფების დაანონსებიდან მალევე, სმარტფონების ამერიკულმა მწარმოებელმა Apple-მა საკუთარი სმარტფონების 20-30%-ით გაძვირების პერსპექტივის შესახებ განაცხადა. ტარიფების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე კი Apple-მა ამერიკაში რამდენიმე თვითმფრინავით სმარტფონების დიდი რაოდენობა შეიტანა.
ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესებით დაშვებული შეცდომის გამოსწორების მცირე ნაბიჯს უწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, გასული კვირის პარასკევს, გვიან ღამით აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტომ საიმპორტო გადასახადისაგან გამონაკლისი პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე 5 აპრილს დაწესებული საპასუხო ტარიფების ნუსხაში ხვდებოდა. გამონაკლისი წესი 20 კატეგორიის პროდუქტს შეეხო. მათ შორის არის: ყველა სახის კომპიუტერები, ლეპტოპები, დისკის წამკითხველები, ნახევარგამტარების მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვა.
თუმცა დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩიპებსა და ნახევარგამტარებზე ტარიფების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე გაავრცელებს და აღნიშნული პროდუქტი ექსკლუზიურ წესს დაექვემდებარება.