აშშ-მა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფების დაწესება გადაავადა

აშშ-მა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფების დაწესება გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ მანქანებზე ახალი ტარიფების დაწესება ერთი თვით გადაავადა. გამონაკლისის სახით მიღებული გადაწყვეტილება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

„აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმებასთან (USMCA) დაკავშირებული კომპანიების მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ტრამპი ერთი თვით გამონაკლისს დაუშვებს, რათა ფირმები ეკონომიკურად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ლივიტმა. ცნობისთვის, USMCA-ის ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, სწორედ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს გაფორმდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი Ford-ის, General Motors-ისა და Stellantis-ის წარმომადგენლებს ესაუბრა. ტრამპის თქმით, ის შეღავათებს დათანხმდა, რათა დიდი ამერიკული სამეული ფინანსურად არ დაზარალდეს. თუმცა პრეზიდენტს ტარიფების შემცირების შესახებ არაფერი უთქვამს.

ავტომობილების შემთხვევაში დათმობაზე წასვლის მიუხედავად, სხვა ყველა სახის პროდუქტზე, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება. თუმცა, ლივიტის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი სატარიფო გამონაკლისებზე დისკუსიებისთვისაც მზადაა. მისივე თქმით, შეღავათის სახით მიცემული ერთი თვე ავტომწარმოებლებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა წარმოება, ტრამპის გეგმის შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააბრუნონ.

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ავტომწარმოებლებიც. Ford-ის განცხადებით, ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დიალოგს ადმინისტრაციასთან კვლავ გააგრძელებენ. Stellantis-ის შეფასებით, მათი გუნდი ტრამპის გეგმას, მისცეს ამერიკის საავტომობილო სექტორს აყვავების საშუალება, „მტკიცედ უჭერს მხარს“, რისთვისაც აშშ-ში ბიზნესის გასაძლიერებლად რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განახორციელეს.

S&P Global Mobility-ის მონაცემებით, გასულ წელს კანადურმა ავტოქარხნებმა – 1.3 მილიონი, მექსიკის ობიექტებმა კი 4 მილიონ ერთეულამდე ავტომობილი აწარმოვეს. ამ ავტომობილების დაახლოებით 70% აშშ-ის სადილეროებმა ამერიკელ მომხმარებლებს მიჰყიდეს. იმავე პერიოდში, აშშ-ის ავტოქარხნებში წარმოებული მანქანების რაოდენობამ 10.2 მილიონი ერთეული შეადგინა.

ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს აშშ-ში $217 მილიარდის ღირებულების სამგზავრო ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. ამ მანქანების მეხუთედი, ყველაზე დიდი წილი, მექსიკაზე მოდიოდა. დამატებით, კანადიდან და მექსიკიდან, გასულ წელს, აშშ-ში $47 მილიარდის ღირებულების მანქანის ნაწილების ექსპორტი განხორციელდა.

აშშ-ში მსხვილი ავტომობილების წარმომადგენელი (Tesla-ს გამოკლებით) სავაჭრო ჯგუფის გაფრთხილებით, მექსიკასა და კანადაზე ტრამპის ტარიფები ავტომობილების ფასებს მკვეთრად გაზრდის. „საავტომობილო ინოვაციების ალიანსის“ ხელმძღვანელი ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში, ღირებულების 25%-იან ზრდასაც ვარაუდობს.

მიჩიგანში დაფუძნებული ანალიტიკური ფირმა Anderson Research Group-ის წინასწარი შეფასებით, მექსიკისა და კანადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებამ, ჩრდ. ამერიკაში ავტომობილების ღირებულება შესაძლოა ამერიკაში $3,500-დან $12,000-ით გაზარდოს. Anderson-ი ტრამპის გეგმას, წარმოების აშშ-ში დაბრუნების შესახებ, ეჭვქვეშ აყენებს, სანაცვლოდ კი ვარაუდობს, რომ ტარიფების გავლენით, ავტომწარმოებლები გარკვეული მოდელების გამოშვებას შეაჩერებენ.