ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი, ვლადიმირ პლახოტნიუკი პოლიტიკურ გავლენებს ბოროტად იყენებდა და ქვეყნის საარჩევნო პროცესსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა.
უფრო კონკრეტულად, მას ბრალად ედება: კრემლის პოლიტიკის გატარება, მოსამართლეებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მოსყიდვა, კორუფციული სქემების ორკესტრირება, არჩევნების მანიპულაცია და ევროინტეგრაციის პროცესისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლა.
ოლიგარქების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა შვიდ პიროვნებასა და 12 იურიდიულ სუბიექტს – ყოველ მათგანს ბრალად ედება: კრემლის პოლიტიკის გატარება, კორუფცია და მოსყიდვა.
ცნობისთვის, პლახოტნიუკმა ოფიციალური პოლიტიკური კარიერა 2019 წელს, პაველ ფილიპის მთავრობის გადადგომის დროს დაასრულა. რაც შეეხება ილან შორს, მას 2017 წელს მოლდოვის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შორმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ამჟამად მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.