საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, საუდის არაბეთი, ამჯერად ელექტრომობილების ექსპორტისთვის ემზადება. საუდის არაბეთის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის აბდულა ალ-სვაჰას განცხადებით, ქვეყანა 2026 წლისთვის 150,000-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ელექტრომობილების ექსპორტი საუდის არაბეთის გეგმის, Vision 2030-ის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ქვეყნის ინვესტიციების მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის ინფორმაციით, კალიფორნიაში დაფუძნებულმა Lucid Motors-მა, რომლის 61%-ს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ფლობს, პირველი საზღვარგარეთული ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ობიექტი ავტომწარმოებლის სამი ქარხნიდან ერთ-ერთი იქნება.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მთავრობამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ Lucid-ს, ათი წლის განმავლობაში მისაწოდებლად, 50,000-დან 100,000-მდე ელექტრომობილი შეუკვეთა.

„საუდის არაბეთისთვის 100,000 ელექტრომობილის მიწოდება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მდგრადი ტრანსპორტის დანერგვის დაჩქარებისთვის“, – განცხადა Lucid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ ელექტრომობილების წარმოება 2025 წელს დაიწყება, 2026-2027 წლებში კი ყოველწლიურად 150,000 ავტომობილამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთი გეგმავს, ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული 16%-დან 50%-მდე გაზარდოს. გარდა ამისა, გეგმის შესაბამისად, ათწლეულის ბოლომდე საუდის არაბეთის დედაქალაქში ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მინიმუმ 30% ელექტროენერგიაზე მომუშავე უნდა იყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *