მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობა რუსეთისათვის ნახევარგამტარების ექსპორტზე დაწესებულ სანქციათა პაკეტს გააფართოებს. სააგენტოსთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ახალი პაკეტის მიზანი პროცესში მესამე მხარის ჩართულობის პრევენცია იქნება.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ძალისხმევას, რუსეთის მხრიდან სანქციებისაგან თავის არიდების მცდელობები აღკვეთოს და, შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის ქმედებები შეასუსტოს.
Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვა არა მხოლოდ ამერიკაში წარმოებულ საქონელს, არამედ ამერიკული ბრენდირებით შექმნილ პროდუქციასაც შეეხება. ის იურიდიული პირები, რომელთაც მსგავსი კატეგორიის პროდუქცია ჰონგ-კონგიდან რუსეთში გააქვთ, უკვე იდენტიფიცირებულია, შესაბამისად, სანქციათა ახალ პაკეტში სწორედ ისინი მოხვდებიან.
არსებობს ვარაუდიც, რომ სანქციათა კიდევ უფრო გამკაცრებულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების კონფერენციაზე წარადგენს. რუსეთის აგრესიისაგან თავის დასაცავად უკრაინის დახმარება დიდი შვიდეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები ჩინეთისა და რუსეთის გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობების შესახებ იმედგაცრუებას სულ უფრო მკაფიოდ გამოხატავენ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი აქტიურად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისაგან თავის არიდებაში, რაც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქციის ექსპორტში გამოიხატება.