ევროკომისიის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის შვიდი გიგაქარხნის მშენებლობას დააფინანსებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც €10 მილიარდი იქნება. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ევროკავშირი აძლიერებს ძალისხმევას აშშ-სა და ჩინეთთან ტექნოლოგიური განვითარების ჩამორჩენის შესამცირებლად.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი პროექტებისთვის მინიმუმ €20 მილიარდის მოცულობის კერძო ინვესტიციების მოზიდვაა. ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, დაგეგმილი ქარხნების მშენებლობის რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა.
ობიექტები გააერთიანებს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პროცესორებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, ღრუბლოვან (Cloud) ტექნოლოგიას, მაღალსიჩქარიან ინტერნეტკავშირს და მონაცემთა ცენტრებს. ქარხნების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჯამში ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ 19 ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური ქარხანა იმუშავებს.
„ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის გიგაქარხანებში გამოთვლითი სიმძლავრის მასშტაბზე წვდომა ევროპისთვის სტრატეგიული აუცილებლობაა“, – განაცხადა ევროკავშირის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა ჰენა ვირკუნენმა.
გიგაქარხანების მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა კონსორციუმებს, სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციებს, ტექნოლოგიურ პროვაიდერებს, ღრუბლოვანი მომსახურების პროვაიდერებს, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო ინვესტორებს შეეძლებათ.
ტენდერის პროცესი 12 ნოემბერს დასრულდება. კომისია წარმატებული პრეტენდენტების გამოცხადებას 2027 წლის დასაწყისში გეგმავს, ხოლო ობიექტები კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვის განმავლობაში ამოქმედდება.
AMD-მ, Nvidia-მ და Qualcomm-მა ევროკომისიასთან ინტერესის გამოხატვის წერილებს მოაწერეს ხელი, რათა გიგაქარხნების პროექტებში ჩართულ ჯგუფებს ჩიპები მიაწოდონ.














