დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატზე შეთანხმება Italfarmaco-სთან შედგა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატზე შეთანხმება Italfarmaco-სთან შედგა

Photo Courtesy of Publika.ge

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმა. პრეპარატი განკუთვნილია 6 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობის დაწყების დროისთვის დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ინოვაციური მედიკამენტების ეტაპობრივ დანერგვასა და მიზნობრივი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. Italfarmaco-ს განცხადებით, კომპანია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ჯივინოსტატის“ დანერგვის პროცესი ეფექტიანად განხორციელდეს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

ცნობისთვის, პრეპარატმა ევროკომისიისგან ავტორიზაცია 2025 წლის ივნისში მიიღო. ევროკომისიის გადაწყვეტილება EPIDYS-ის მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელშიც 179 პაციენტი მონაწილეობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალობის პროცესში „ჯივინოსტატის“ გამოყენებამ დაავადების პროგრესირების ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა. კერძოდ, პრეპარატის მიმღებ პაციენტებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუარესება, რომელიც NSAA-ის ტესტით ფასდებოდა, დაახლოებით 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. დადებითი შედეგები დაფიქსირდა კუნთების მდგომარეობის შეფასების სხვა მაჩვენებლებშიც.

გრძელვადიანი კვლევის შუალედური მონაცემებით, პრეპარატის მიმღებ პაციენტებში დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის დაკარგვის საშუალო ასაკმა 17.3 წელი შეადგინა, მაშინ როდესაც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ისტორიულ მონაცემებში ეს მაჩვენებელი 11-13.4 წლით განისაზღვრებოდა.

Italfarmaco-სთან „ჯივინოსტატის“ შეძენაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მისი განცხადებით, მკურნალობა, ოპტიმისტური ვერსიით, სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.

„შემოტანა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ იტალიური მხარეც ძალიან მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ის, რაც აუცილებელია უშუალოდ მკურნალობის დაწყებისთვის. ამას სჭირდება პროცესების მომზადება. საორიენტაციოდ ეს იქნება სექტემბერი. მაქსიმალური ვადა არის დაახლოებით ერთი თვე. დაახლოებით იგივე ვადა იქნება საჭირო მედიკამენტის იმპორტისთვის. ასე რომ, რეალისტურია, რომ სექტემბერში დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით, ალბათ, სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება, ხოლო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ საზოგადოებას უახლოესი დღეების განმავლობაში ეცნობება.