ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია აუქციონზე $38 მილიონად გაიყიდა

ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია აუქციონზე $38 მილიონად გაიყიდა

1,100 წლით დათარიღებული ებრაული ბიბლია ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $38 მილიონად გაიყიდა. „The Codex Sassoon”-ად წოდებული ხელნაწერი აშშ-ში რუმინეთის ყოფილმა ელჩმა, ალფრედ მოზესმა შეიძინა.

სააუქციონო სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოზესმა უძველესი ებრაული ბიბლია თელ-ავივში მუზეუმში განსათავსებლად შეიძინა. ხელნაწერი გაყიდვამდე რამდენიმე თვით ადრე ANU-ის მუზეუმში იყო გამოფენილი. ალფრედ მოზესის განცხადებით, ებრაული ბიბლია ისრაელში სულ მალე დაბრუნდება.

ყველაზე ძვირად გაყიდულ ხელნაწერებს შორის გამოსარჩევია აშშ-ის კონსტიტუციის იშვიათი ასლი, რომელიც 2021 წელს 43 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს. 1994 წელს კი ლეონარდო და ვინჩის ლესტერის კოდექსის სახელით ცნობილი მანუსკრიპტი (Codex Leicester-ი) 31 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

„The Codex Sassoon”-ი დიდი ალბათობით 880-დან 960 წლამდე შუალედში დაიწერა. ხელნაწერს აღნიშნული სახელი მყიდველის, ერაყელი ებრაელი ბიზნესმაგნატის შვილის, დევიდ სოლომონ სასუნის პატივსაცემად დაერქვა. ებრაული ბიბლია მისი ბოლო მფლობელის გარდაცვალების შემდეგ 1978 წელს ციურიხში Sotheby’s-ის აუქციონზე British Rail Pension Fund-მა 320,000 დოლარად შეიძინა. აღნიშნულმა ფონდმა კი ხელნაწერი ებრაული ბიბლია 11 წლის შემდეგ, 1989 წელს ბანკირ ჟაკ საფრას 3.19 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამჯერად ნივთი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ გაყიდა.