ავსტრალიური დიზაინის ონლაინპლატფორმის, Canva-ს, ღირებულებამ 40 მლრდ დოლარი შეადგინა

ავსტრალიური დიზაინის ონლაინპლატფორმის, Canva-ს, ღირებულებამ 40 მლრდ დოლარი შეადგინა

კომპანიის ღირებულების 40 მილიარდ აშშ დოლარად შეფასების შემდეგ, ავსტრალიური გრაფიკული დიზაინის ონლაინპლატფორმა, Canva, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომპანია გახდა. კომპანიის განცხადებით, Canva-ს ზრდა პანდემიას უკავშირდება, რადგან ადამიანთა უმრავლესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაერთო.

ინვესტიციების მოზიდვის ბოლო რაუნდისას Canva-მ 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კერძო ინვესტიცია მიიღო და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კომპანიის ღირებულება გააორმაგა. ანალიტიკოსების მტკიცებით, ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპის სტატუსს ანიჭებს.

კონკრეტულად კი, CB Insights-ის მონაცემებით, Canva ამჟამად მსოფლიოს მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია. იგი ამ რეიტინგში ჩამორჩება მხოლოდ ჩინურ ByteDance (TikTok-ის მფლობელ კომპანიას), საგადასახადო პლატფორმა Stripe-ს, მასკის კოსმოსურ კომპანია SpaceX-სა და შვედურ ფინტექ-სტარტაპ Klarna-ს.

გარდა ამისა, ბოლოს განხორციელებულმა ინვესტიციამ კომპანიის მფლობელები ავსტრალიის ათ ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ Canva 2013 წელს ავსტრალიაში მელანი პერკინსისა და კლიფ ობრეხტის მიერ დაარსდა.

Forbes-ის მონაცემებით, აღნიშნული პიროვნებები ერთობლივად კომპანიის 36%-ს ფლობენ. თუმცა გასულ კვირას მათ დააანონსეს, რომ ისინი საკუთარი წილების დიდი რაოდენობის გაყიდვასა და საქველმოქმედო ფონდებისათვის გადაცემას გეგმავენ.

კომპანიის განცხადებით, მას 190 ქვეყანაში უკვე 60 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. წლის ბოლოს კი Canva შემოსავლების სახით 1 მილიარდ აშშ დოლარს ელის.