კვირას აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ უმრავლესობის შენარჩუნება მოახერხა.
არსებული მოცემულობით, ხმების 91%-ის დათვლის შედეგად, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ პარლამენტში 125 ადგილიდან 67-ს დაიკავებს. წლევანდელ არჩევნებამდე, მმართველი პარტია პარლამენტში, ე.წ. „მილი მეჯლისში“, 69 მანდატს ფლობდა. აზერბაიჯანში ხმის მიცემა გუშინ, ადგილობრივი დროით 19 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 37.3% შეადგინა.
ეგზიტპოლის თანახმად, ახალ პარლამენტში ათობით მანდატი მოიპოვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, რომლებიც პრაქტიკულად მხარს უჭერენ ამჟამინდელ მთავრობას და მცირე, პროსახელისუფლებო პარტიებს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, „მუსავატმა“ კი, არჩევნებში მონაწილეობა ბოლო 15 წელში პირველად მიიღო, თუმცა ეგზიტპოლების მიხედვით, მანდატის მოპოვება ვერ მოახერხა. პარტიის ლიდერმა არჩევნებს არადემოკრატიული უწოდა.
ილჰამ ალიევი, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართვას, მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთე ვადით აირჩიეს. ეს იყო პირველი, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღდგენის შემდეგ ჩატარდა.
პრეზიდენტმა ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება ივნისის ბოლოს გააკეთა.