აზერბაიჯანმა ყარაბაღში განთავსებულ სომხურ პოზიციებზე იერიში მიიტანა

აზერბაიჯანმა ყარაბაღში განთავსებულ სომხურ პოზიციებზე იერიში მიიტანა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განთავსებული სომხურ შენაერთებზე იერიში მიიტანა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ყარაბაღის ტერიტორიებზე განლაგებული შენაერთების წინააღმდეგ ანტი-ტერორისტული აქტივობები დაიწყო, რომლის მიზანიც ამ ტერიტორიების გათავისუფლება, სომხეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება და სამოქალაქო მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენს. მათი მტკიცებით, სომხური შენაერთები, სამხედრო ინფრასტრუქტურა და საომარი მასალების საწყობები მაღალი სიზუსტის იარაღით განადგურდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება მათ მიზანს არ წარმოადგენს და შეტევები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე განხორციელდება. მათივე განმარტებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობაც.

განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც და აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ცეცხლი თავდაპირველად აზერბაიჯანელი სამხედროების მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნა, დეზინფორმაციას უწოდებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად 19 სექტემბრის შუადღის 2 საათის მოცემულობით სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე სიტუაცია სტაბილურია.