აზერბაიჯანმა ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის გეგმა წარადგინა

აზერბაიჯანმა ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის გეგმა წარადგინა

გუშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის გეგმის დეტალები წარადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასააგენტო AzerTag-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ყველასათვის თანაბარი უფლებების მინიჭებაში, განურჩევლად ეთნოსის, რელიგიისა და ენისა.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სომხებით დასახლებული ტერიტორიების ადმინისტრირება აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით განხორციელდება, რაშიც მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს. რაც შეეხება ადგილობრივ ადმინისტრაციებს, იმავე მუნიციპალიტეტებს, ისინი არჩევნების გზით ჩამოყალიბდება და დაკომპლექტდება.

ყარაბაღის ტერიტორიებზე საჯარო და კონსტიტუციურ წესრიგს, ასევე ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას აზერბაიჯანული სამართალდამცავი უწყებები უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას კი აღნიშნულ სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას გარანტირებული ექნება საკუთარი კულტურის დაცვისა და განვითარების, რელიგიის თავისუფლებისა და სომხური ენის გამოყენების უფლება. გარდა ამისა, რეინტეგრაციის გეგმა ადგილობრივებს ანაზღაურების ეროვნული სისტემითა და აზერბაიჯანში არსებული სოციალური პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობასაც მისცემს.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, დოკუმენტით ირკვევა, რომ ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა, აზერბაიჯანული მანათი სრულ მიმოქცევაში იქნება. გარდა ამისა, მთავრობა აღმოსავლეთ ზანგეზურისა და ყარაბაღის ეკონომიკური განვითარების სტიმულირების მიზნით შემოღებული სპეციალური ეკონომიკური რეჟიმის მხარდასაჭერად საგადასახადო და საბაჟო შეღავათებს უზრუნველყოფს.