არაბთა გაერთიანებული საამიროების განახლებადი ენერგეტიკის უმსხვილესი ფონდი MASDAR-ი აზერბაიჯანში $200-მილიონიანი ინვესტიციით ახალ მზის ელექტროსადგურს ააშენებს. პროექტის თანახმად, ახალი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატსაათი იქნება. ეს აზერბაიჯანის “მწვანე ენერგეტიკის” სფეროში უმსხვილესი უცხოური ინვესტიციაა.
პროექტის განხორციელებას, ასევე სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი 7 აპრილს, ბაქოში მოეწერა.
მზის ელექტროსადგურის პრეზენტაციაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფავრიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ მზის ელექტროსადგური აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიცირებას და გამოყოფილი ნახშირბადის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.
“ახალი ელექტროსადგური ბაქოს მიმდებარედ, აფშერონის ნახევარკუნძულზე აშენდება და წლის განმავლობაში 500 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 110 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს დაზოგავს. ეს კი, თავის მხრივ, შეამცირებს ნახშირბადის ემისიებს წელიწადში 200,000 ტონით, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს განახლებად ენერგიაში სხვა ინვესტორების მოზიდვას”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
MASDAR-ის CEO-ს მოჰამედ ჯამილ ალ რამაჰიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 30-ე ქვეყანაა, სადაც მათი კომპანია ენერგეტიკის “მწვანე ტრანსფორმაციის” პროცესს უწყობს ხელს.
“მოხარული ვართ, დავეხმაროთ აზერბაიჯანის რესპუბლიკას მისი ენერგეტიკის სექტორის დივერსიფიცირებაში, ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას და შევამციროთ ემისიები”, – აღნიშნა ალ რამაჰიმ.
პროექტის თანახმად, მზის ელექტროსადგურის ოპერირება 2023 წლიდან დაიწყება. აზერბაიჯანი 2030 წლისთვის ქვეყანაში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 30%-ით გაზრდას გეგმავს.