აზერბაიჯანული მანათი ერთ დღეში 47 პროცენტით გაუფასურდა

აზერბაიჯანული მანათი ერთ დღეში 47 პროცენტით გაუფასურდა

ორშაბათს, 21 დეკემბერს, აზერბაიჯანული ვალუტა – მანათი დოლარის მიმართ 47%-ით გაუფასურდა. ამის მიზეზი აზერბაიჯანის მიერ სავალუტო რეჟიმის ცვლილება გახდა. აზერბაიჯანს ჰქონდა ფიქსირებული კურსის რეჟიმი, ანუ სახელმწიფო გარანტი იყო, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ არ შეიცვლებოდა, კურსს ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება არ განსაზღვრავდა. 21 დეკემბრიდან კი აზერბაიჯანი მცურავი კურსის რეჟიმზე გადავიდა და მანათის ფასი სავალუტო ბაზარმა განსაზღვრა.

სავალუტო რეჟიმის ცვლილების მთავარი მიზეზი გაიაფებული ნავთობი და გაზია, რამაც აზერბაიჯანს სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირა და აღარ შესწევდა ძალა, კურსის ფიქსირებისთვის უცხოური ვალუტის რეზერვები დაეხარჯა, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს მანათის კურსის 35%-იანი დევალვირება განახორციელა. ჯამში, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, მანათი დოლარის მიმართ 98%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 1.55 მანათი ღირს.

2015 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები 14 მილიარდ დოლარამდე იყო, წლის განმავლობაში 7 მილიარდი დოლარი გაიყიდა კურსის შესანარჩუნებლად, მაგრამ ბოლოს მაინც მცურავ კურსზე გადასვლა და კურსის გაუფასურება მოუწიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.