აზიის უმდიდრესი ადამიანი TOP-10 მილიარდერის კლუბს შეუერთდა

აზიის უმდიდრესი ადამიანი TOP-10 მილიარდერის კლუბს შეუერთდა

აზიის უმდიდრესი ადამიანის მაკეშ ამბანის ქონებამ Bloomberg-ის მონაცემებით, $64.5 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად ინდოელი მაგნატი უკვე მსოფლიოს უმდიდრესი ათი ადამიანის „ექსკლუზიურ ლიგას“ შეუერთდა. ამბანიმ Oracle-ის მფლობელ ლარი ელისონს და ფრანგ მილიარდერ ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსს გაუსწრო და ტოპ-ათეულში მეცხრე ადგილი დაიკავა.

ამბანი Reliance Industries-ის ხელმძღვანელია, ის კომპანიის აქციების 42%-ს ფლობს. მისი ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც  კომპანიის ციფრულ მიმართულება Jio Platforms-ში ინვესტიციები გაიზარდა. შედეგად ინდური კონგლომერატის აქციების ფასი მარტის მონაცემებთან შედარებით გაორმაგდა.

პლატფორმა Jio-მ მხოლოდ ორი თვის განმავლობაში $15 მილიარდის მოზიდვა შეძლო. Facebook-ი, General Atlantic-ი, Silver Lake Partners-ი, KKR & Co. და საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი არიან ის დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოს სწრაფად მზარდ ონლაინ კომერციული პლატფორმაში წილები დაიკავონ. საინვესტიციო კვლევითი ორგანიზაცია Sanford C. Bernstein-ის მონაცემებით, Jio 2025 წლისთვის ინდოეთის მობილური ბაზრის 48%-ის მოცვას შეძლებს.  

როგორც ჩანს, მაშინ როდესაც ინდოეთის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, მაკეშ ამბანის პირადი ქონება და ასევე მისი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

ინდოეთის უმდიდრესი მოსახლეობის 10% მთელი ქვეყნის სიმდიდრის სამ მეოთხედს ფლობს. მათ შორის ბუნებრივია არის მაკეშ ამბანიც, რომელიც მუმბაიში 27-სართულიან ვილაში ცხოვრობს. ვილას ვერტმფრენებისთვის სამი ასაფრენი ბილიკი, 168 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და 50 ადამიანზე გათვლილი კინო-თეატრი აქვს, ასევე აქ ნახავთ იოგას სტუდიას, სპას და ფიტნეს-ცენტრს და სამსართულიან დაკიდულ ბაღებს, რომელიც ბაბილონის ინსპირაციითაა შექმნილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *