ბაჰრეინში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია Investcorp-მა იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს გრანდ AC Milan-ის შესაძენად Elliott Management Corp.-თან ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Investcorp-ი, რომელიც 42 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს, მზად არის, კლუბის შესაძენად $1.1 მილიარდი გადაიხადოს. დიდი ალბათობით, გარიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება და იტალიურ გრანდს მომავალი სეზონიდან ახალი მფლობელი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში დაფუძნებულმა საინვესტიციო ფირმა Elliott Management Corp.-მა „მილანზე“ კონტროლი 2018 წლიდან აიღო. ის კლუბის 99,93%-იანი წილის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც AC Milan-ის ყოფილმა მესაკუთრემ, ჩინელმა ბიზნესმენმა ლი იონჰონმა კომპანიისთვის €415-მილიონიანი ვალის დაბრუნება ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ Investcorp-ს, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე „მილანის“ ახალი მესაკუთრე გახდება, იტალიის დედაქალაქში, რომში ოფისი აქვს. გარდა ამისა, მას ქვეყნის მასშტაბით უძრავ ქონებაში არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.