აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის მზადაა, $4 მილიარდით დააფინანსოს განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდ-ვაქცინის უზრუნველყოფა. საუბარია ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე.
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ვაშინგტონის პირველადი შენატანი $2 მილიარდი იქნება COVAX-პლატფორმისთვის, რომელიც ვაქცინების უზრუნველყოფის ინიციატივას წარმოადგენს. აღნიშნული პლატფორმა ამერიკის მიერ გამოყოფილი თანხებით შეძლებს ვაქცინების დოზების შეძენას და დაახლოებით 100 განვითარებად ქვეყანაში მათ დაგზავნას.
ბაიდენი კიდევ $2 მილიარდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გამოყოფს, რაც ერთგვარი წამახალისებელი ნაბიჯი იქნება სხვა მდიდარი ქვეყნებისთვისაც, რომ ამ პროგრამაში დონაცია განახორციელონ.
აღებული ვალდებულების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას ჯო ბაიდენი დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდიანის“ სამიტზე გეგმავს. მოგეხსენებათ, ჯერ მხოლოდ ოთხი კვირა გავიდა მისი ინაუგურაციიდან და თეთრი სახლის პოლიტიკა ტრამპის მმართველობის პოლიტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია.
ცნობისთვის, COVAX-პლატფორმის მიზანი მიმდინარე წელს 330 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინის ღარიბი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფაა. მიწოდება მიმდინარე თვეს დაიწყება.