აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მექსიკიდან არალეგალური გზით შესული მიგრანტებისთვის თავშესაფრის გაცემის საკითხი გართულდება. 5 ივნისს პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ბაიდენის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება მან აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.
უფრო კონკრეტულად, აშშ-ის სამხრეთით, ამერიკა-მექსიკის საზღვართან საიმიგრაციო შემთხვევების მომრავლებისას, მესაზღვრეებს მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაციის შესაძლებლობა ექნებათ. აქამდე მექსიკაში არალეგალურად გადასული პირები თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავდათ, შემდეგ კი მათი საკითხის განსახილველად სასამართლო პროცესები ინიშნებოდა, რა დროშიც მიგრანტები თავისუფლდებოდნენ.
საზოგადოების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კმაყოფილებას, ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს. „ამერიკის სამოქალაქო უფლებების გაერთიანება“ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად საზღვრის გადატვირთვა და რა შემთხვევაში მოხდება განკარგულების იმპლემენტაცია. თუმცა, სხვადასხვა მედიასააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მესაზღვრეები მინიჭებულ უფლებას იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ დღის განმავლობაში საზღვრის კვეთისთვის დაკავებულთა რაოდენობა 2,500-ს გადააჭარბებს. ცნობისთვის, აშშ-ის საზღვარს მექსიკიდან არალეგალურად დღეში საშუალოდ 3-4,000 ადამიანი კვეთს.