ბათუმის სახელი ავტოინდუსტრიაში - Range Rover-ის ახალი მოდელის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს

ბათუმის სახელი ავტოინდუსტრიაში - Range Rover-ის ახალი მოდელის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს

ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. ამჯერად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 ოქტომბერს Land Rover-მა Range Rover-ის ახალი მოდელი წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის ყველაზე სასურველი მოდელი ახლა უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტურია. რამდენიმე სხვადასხვა ფერს შორის ერთ-ერთ  ძვირადღირებულ ფერს დიზაინერებმა Batumi Gold უწოდეს.

როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც მე მოვისმინე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბათუმს შემოდგომაზე ესტუმრა და Batumi Gold-ის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. გარდა მზის ჩასვლისა, მასზე შთაბეჭდილება ყვითელი ფოთლებით სავსე ბათუმმაც მოახდინა. შემოდგომა და ბათუმი არასდროს ასოცირდებოდა ერთმანეთთან. ახლა, მზის ჩასვლასთან ერთად, ბათუმის ხსენებისას ეს საინტერესო ამბავიც გაგვახსენდება. ამ ისტორიას და იმას, რომ ავტომობილის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს, მთელი მსოფლიო გაიგებს და საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცევა,“ – აცხადებს მრბოლელი და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე

Range Rover-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია ავტომოყვარულთა სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ახალ ვერსიას რამდენიმე წელი ელოდა. პრეზენტაციას ონლაინ რეჟიმში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა.

„ძალიან საამაყოა. როცა პირველად გავიგე, რომ Range Rover-ის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს, სიამაყით აღვივსე. ზოგადად Range Rover საკმაოდ საიმედო და წარმომადგენლობითი ბრენდია, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელი გაჟღერდა ამ ღონისძიებაზე და ასეთი მოთხოვნადი ავტომობილის ფერი ბათუმის ინსპირაციით შეიქმნა,“ – ამბობს მრბოლელი დათა ქაჯაია.

ბათუმის მზის ჩასვლა არაერთხელ გამხდარა ხელოვანების ინსპირაციის წყარო. თუმცა, ბრიტანული ავტოგიგანტის მიერ ზღვისპირა ქალაქის სახელის გაჟღერების შემდეგ, ქართველ ხელოვანებს სიამაყის შეგრძნება ეუფლებათ, რადგან ბათუმი კიდევ ერთხელ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.

ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, ამ სიახლის მოსმენის შემდეგ, ბათუმზე თავის პირველ შთაბეჭდილებებს იხსენებს.

„მაშინ ბათუმი სულ სხვანაირი იყო, ერთსართულიანი, შეიძლება ითქვას. მაგრამ ის, რამაც მე მომხიბლა, დღემდე შენარჩუნებულია. საერთოდ, ზღვისპირა ქალაქები სხვა ქალაქებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იქ მეტი თავისუფლებაა, მეტი გახსნილობა. პირველად ბათუმში 90-იანების დასაწყისში ჩავედი. მაშინ თითქოს სახლები გემის საღებავებით იყო შეღებილი, თითქოს გახუნებული და გაცრეცილი იყო. ეს ფერები და გახსნილობა იყო ჩემთვის მთავარი, რაც ბათუმს სხვა ქალაქებისგან განასხვავებდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავიღე კიდეც. წლების განმავლობაში ბათუმი შეიცვალა, გადასხვაფერდა, მაგრამ მთავარი მაინც დარჩა – ზღვისპირა ქალაქის გახსნილობა, რაც ყოველთვის გიზიდავს. არ გრძნობ, რომ ეს სხვისი ქალაქია. შენ არ ხარ ბათუმელი, მაგრამ გრძნობ, რომ ეს შენი ქალაქიც არის. უცხოდ არასდროს გრძნობ თავს, გინდა, რომ იქაური იყო და ისეთი უბრალოებით იცხოვრო,“ – ამბობს გურამ წიბახაშვილი.

ბრიტანული ავტოგიგანტი მხოლოდ ბათუმის სილამაზით არ მოხიბლულა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისის წარმატებულმა მუშაობამაც. ოფისი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

„ჯი-თი მოტორსი Land Rover-ის ოფიციალური წარმომადგენელია. გვიხარია, რომ ბათუმის სილამაზემ და Land Rover საქართველოს ოფისის წარმატებამ ახალი Range Rover-ის შემქმნელებზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა. მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულები გაიგებენ ბათუმისა და საქართველოს შესახებ, რაც ნამდვილად საამაყოა. ახალი Range Rover-ის წარდგენას ავტომოყვარულთა სამყარო რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა, ამიტომ ეს არ არის უბრალო ღონისძიება. ეს წლის მოვლენაა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. საქართველოში Range Rover-ის ახალი მოდელით უკვე დაინტერესდნენ, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქართველ მომხმარებელს ტესტ დრაივი რაც შეიძლება მალე შევთავაზოთ. Range Rover-ის განახლებული მოდელები საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე ჩამოვა.“ – აცხადებს თამუნა დიასამიძე, ჯი-თი მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს. ამიტომ, ერთი შეხედვით არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ნამდვილად Range Rover-ს ვუყურებთ. დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია.

ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის.

ნოვაციაა ისიც, რომ  საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, ახალი Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.

წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *