მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანებმა, ჯეფ ბეზოსმა და ბილ გეიტსმა Neuralink-ის მთავარ კონკურენტ კომპანიაში, ამერიკულ Synchron-ში ინვესტიცია განახორციელეს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
როგორც ირკვევა, უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, ამერიკულმა სტარტაპმა, ჯამში, $75 მილიონი მოიზიდა – ინვესტორებს შორისაა Khosla Ventures-იც. საინტერესოა, რომ დაფუძნებიდან დღემდე, Synchron-მა $145 მილიონი მოიზიდა, რაც ჩამორჩება როგორც Neuralink-ის, ასევე Science Corporation-ის მიერ მოზიდულ კაპიტალს.
აღსანიშნავია, რომ Synchron-ი Neuralink-ის მსგავსად ტვინის იმპლანტებს აწარმოებს, თუმცა, მასკის კომპანიისგან განსხვავებით, მისი მოწყობილობა ადამიანზე უკვე გამოიცადა. მიმდინარე წლის ივლისში, ნიუ-იორკის Mount Sinai-ის საავადმყოფოს ექიმებმა Synchron-ის მიერ წარმოებული იმპლანტი ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) მქონე ადამიანს ჩაუნერგეს. აღნიშნული მოწყობილობით, პაციენტმა, რომელსაც სიარულისა და კომუნიკაციის უნარი აქვს დაქვეითებული, ფიქრების კომპიუტერულ ბრძანებებად გარდაქმნა უნდა შეძლოს, რაც მას ინტერნეტის გამოყენების და შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ლიცენზია Synchron-მა ჯერ კიდევ 2021 წელს მოიპოვა – ეს ლიცენზია Neuralink-ს ჯერჯერობით არ აქვს.