ბილ გეითსის პროგნოზით, 2021 წლის გაზაფხულისთვის მსოფლიოს დაახლოებით ექვსი კოვიდ-ვაქცინა ექნება. ამის შესახებ CNBC წერს. კერძოდ, Microsoft-ის დამფუძნებლის მოსაზრებით, მომავალი წლის პირველ კვარტალში ექვსი ვაქცინა იქნება დადასტურებული და ავტორიზებული.
უკვე დამტკიცებულ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გარდა, ბილ გეითსმა დაასახელა კიდევ ოთხი კომპანიის Moderna-ს, AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის და Novavax-ის ვაქცინები. თუმცა, არ დაასახელა მეექვსე ვაქცინის კანდიდატი.
შეგახსენებთ, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი აქტიურ ადვოკატირებას უწევს ჯანდაცვის კუთხით არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევას, მათ შორის დიდ აქცენტს სწორედ ვაქცინაციაზე აკეთებს.
“მარეგულირებელი სამსახურები უდიდეს საქმეს აკეთებენ, მათ სწრაფად და პროფესიონალურად გაიარეს ვაქცინის შემოწმების სამივე ეტაპი და შეამოწმეს რამდენად ეფექტურია ვაქცინა და ასევე რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს მას“,- განაცხადა გეითსმა.
მისივე თქმით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ კუთხით და მისი ფონდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინის დისტრიბუცია სამართლიანად მოხდეს.
ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.