Binance-ის დამფუძნებლის ქონების ღირებულება მკვეთრად შემცირდა

Binance-ის დამფუძნებლის ქონების ღირებულება მკვეთრად შემცირდა

ნიუ-იორკში, სასამართლოზე მყოფი გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი კრიპტოსამყაროს ერთადერთი პროტაგონისტი არაა, რომელიც ახლა ყურადღების ცენტრშია.

Bloomberg-ის ცნობით, მილიარდერების ინდექსში მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებლის, ჩანპენ ჟაოს (CZ) ქონება 11.9 მილიარდი დოლარით შემცირდა დღე-ღამის განმავლობაში და ამჟამად 17.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საინფორმაციო სააგენტომ, საკუთარი გამოთვლებით, კრიპტობირჟის შემოსავლები 38%-ით შეამცირა, რაც ცხადყო Binance-ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა,  რომელთა მიხედვითაც, კომპანია წელს დაღმასვლას განიცდის. Bloomberg-ის ინდექსი კომპანიის შემოსავლებს Coingecko-სა და Coinpaprika-ს ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის.

წლის დასაწყისში კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში Binance-ის საბაზრო წილმა პიკს, 62%-ს მიაღწია, რაც წამახალისებელმა დროებითმა ნულოვანმა გადასახადმა განაპირობა. მესამე კვარტალში კი, CCData-ის მონაცემებით, კრიპტობირჟის საბაზრო წილი 51%-მდე დაეცა.

ბოლო თვეებში კრიპტობირჟა, დიდწილად, ტრადიციული საფინანსო სისტემებისგანაც იზოლირებულია. ივნისში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების, ასევე სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ საქმე აღძრა Binance-ის წინააღმდეგ. მარეგულირებლების თანახმად, კომპანია ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრების კონტროლსა და მომხმარებლების აქტივებს არაეფექტიანად მართავს. ჩანპენ ჟაო, თავის მხრივ, ბრალდებებს არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, CZ-ის ქონება ამჟამად 10.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და 2022 წელს 65-მილიარდდოლარიანი პიკის შემდეგ სტაბილურად მცირდება. Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ჩანპენ ჟაო 167 ადგილს იკავებს.