ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები: ბილ გეიტსი კაცობრიობისთვის ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ასახელებს

ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები: ბილ გეიტსი კაცობრიობისთვის ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ასახელებს

მილიარდერი ბილ გეიტსი წლების წინ აფრთხილებდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ერთ დღესაც პანდემიასთან ბრძოლა მოგვიწევდა, რაც რეალობად იქცა. ახლა კი ის ორი სხვა საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს. ესენია ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები.

ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს გეიტსმა YouTube-არხ Veritasium-ზე გასულ კვირას უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ იმ გამოწვევებს ეხებოდა, რაც კაცობრიობას ელის წინ.

„ერთი ასეთი გამოწვევა იქნება კლიმატური ცვლილებები. ყოველ წელს კლიმატური ცვლილებების გავლენით სიკვდილიანობა იმაზე მეტი იქნება, რაც, მაგალითად, ამ პანდემიის დროს. ასევე, პანდემიებთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც ადამიანებს არ სურთ საუბარი, ბიოტერორიზმია. ვინმეს თუ სურს მასშტაბური ზიანის გამოწვევა, შეუძლია ვირუსი შექმნას. ასე რომ, ამის შანსი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ბუნებრივად გამოწვეული პანდემიისა, როგორც დღეს არის“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

გარდა ამისა, გეიტსმა აღნიშნა, რომ იქნება კიდევ სხვა პანდემიები. თუმცა, ამისგან თავის დასაღწევად, მთავრობებმა უნდა გაზარდონ და გააძლიერონ მზადყოფნა, რათა მსგავს შემთხვევებში სიკვდილიანობა შეამცირონ.

შეგახსენებთ, მთავრობების მზადყოფნის აუცილებლობაზე გეიტსი ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა.

„მსოფლიო ეპიდემიებთან გასამკლავებლად მზად არ არის. ჩვენ გვქონდა გრიპის შემთხვევები, რამაც მცირედით რაღაცები შეგვაცვლევინა ამ კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. გრიპი რომ ორჯერ უფრო გადამდები ყოფილიყო, ძალიან მძიმე ვითარებაში ვიქნებოდით“, – განაცხადა გეიტსმა ჯერ კიდევ 2014 წელს. 2015 წელს კი Ted Talks-ში მან აღნიშნა: „პანდემიისთვის? არ ვართ მზად“.

ცნობისთვის, კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით უკვე 108 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 2.37 მილიონი გარდაიცვალა.