ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, რის განმაპირობებელ მიზეზებადაც დოლარის გაუფასურება და მომავალი წლიდან აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი სახელდება.
დღეს, 4 დეკემბერს, 1 უნცია (28.3 გრამი) ოქროს ღირებულებამ 2,135 დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, თუმცა მოგვიანებით მცირედით დაიკლო და ამჟამად 2,066 დოლარს უტოლდება.
ოქროს გაძვირება ძირითადად ნოემბერში ამერიკული ვალუტის 3.1%-იანი გაუფასურების შედეგია 6 უცხოური ვალუტის კალათასთან მიმართებით – დოლარის კურსი 4-თვიან მინიმუმთან ძალიან ალოსაა.
ოქროს ღირებულების ზრდა დაიწყო გასული წლის ნოემბერში და გამოიწვია ცენტრალური ბანკის მზარდმა შესყიდვებმა, ამასთანავე, ინვესტორების შეშფოთებამ უკრაინაში, ისრაელსა და ღაზაში კონფლიქტების გამო. მოთხოვნის ზრდამ ლითონი გააძვირა მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა, რაც, როგორც წესი, ოქროს მიმართ ინტერესის კლებას იწვევს.
წინა რეკორდული მაჩვენებელი, 2,072 დოლარი უნციაზე, დაფიქსირდა 2020 წლის აგვისტოში, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა პანდემიამ დააზარალა და ინვესტორების მიერ ოქროს შესყიდვებიც გაზარდა.
მოსალოდნელია, რომ ოქროს ფასი ამ ნიშნულზე დიდხანს არ შენარჩუნდება, თუ შესყიდვების ტემპი სტაბილური არ იქნება და საქმეში ბაზრის მეტი მონაწილე არ ჩაერთვება.