საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე არსებულმა დაღმასვლის ძლიერმა ტენდენციამ კრიპტო-ბირჟაც მოიცვა – ერთ კვირაში ბიტკოინის ღირებულება 18%-ით შემცირდა, ეთერიუმის კი – 15%-ით. ამჟამად ერთი BTC-ის შეძენა 31,800 დოლარადაა შესაძლებელი; ETH-ის კი – 2,400 დოლარად. საგულისხმოა, რომ გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასი დროებით 29,900 დოლარამდე შემცირდა, ეთერიუმის – $2,200-მდე.
Glassnode-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ინვესტორთა 40%-ზე მეტი ამჟამად არარეალიზებულ ზარალზეა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ ციფრული აქტივი იმაზე უფრო ძვირად შეიძინეს, ვიდრე ის ახლა ბაზარზე ღირს.
აღსანიშნავია, რომ არარეალიზებულ ზარალზე ყოფნა კრიპტოაქტივებში ინვესტირების თანმხლები მოვლენაა, თუმცა ინვესტორთა საერთო რაოდენობის 40% კრიპტო-ბაზრის სტანდარტებითაც კი უჩვეულოდ მაღალი და არასახარბიელო მაჩვენებელია.
ბლოკჩეინის მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ დამწყები ინვესტორებისა და ტრეიდერების აქტივობა ყველაზე მაღალი მაშინ იყო, როცა ბიტკოინის ფასი $50,000-იან ნიშნულს აჭარბებდა, ანუ მათ ბიტკოინში ინვესტიციის ჩადება მაშინ გადაწყვიტეს, როცა მისი ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს აღწევდა.
სტატისტიკა გაცილებით შემაშფოთებლად გამოიყურება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდს შევავიწროებთ – იმ ინვესტორთა უმრავლესობა, რომლებმაც ბიტკოინი 2021 წლის იანვრის შემდეგ შეიძინეს, ამჟამად არარეალიზებულ ზარალზეა.
გასათვალისწინებელია, რომ ზარალის მოცულობა რიგ შემთხვევაში პორტფელის 50 პროცენტსაც კი აჭარბებს, ვინაიდან, ნოემბერში დაფიქსირებულ $69,000-თან შედარებით ბიტკოინის ფასი, დაახლოებით, 66%-ით არის შემცირებული – დამწყებ ინვესტორთა უმრავლესობამ კი ბიტკოინის შეძენა $50,000-ზე მაღალ ფასში გადაწყვიტა.
გაცილებით არასახარბიელო ვითარებაა ალტკოინებთან (BTC და ETH-ის გარდა სხვა კრიპტო) მიმართებით, მაგალითად, Dogecoin-ის ღირებულება რეკორდულ ნიშნულთან შედარებით 85%-ითაა შემცირებული.
ბოლო პერიოდში ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოაქტივების გაუფასურება გლობალურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანა და ამერიკული საფონდო ბირჟების ზოგად ტენდენციებთანაა დაკავშირებული. კრიპტოვალუტების, როგორც ახალი საინვესტიციო კლასის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება მსგავსება ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსსა (Nasdaq) და კრიპტო-ბირჟას შორის: Nasdaq-ის აღმასვლის პარალელურად იზრდება ბიტკოინის ფასიც, დაღმასვლისას კი – პირიქით.
გასათვალისწინებელია, რომ 6 თვეში Nasdaq-ის ღირებულება დაახლოებით 26%-ით შემცირდა, გასულ სამ დღეში კი ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Apple, Amazon, Microsoft, Google, Tesla, Meta, Nvidia), დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგეს.
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრად ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდაა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას FED-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავდაპირველად ტრეიდერებმა და ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და ზოგადი ინდექსები საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღის სავაჭრო სესია დაღმასვლის ძლიერი ტენდენციით დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად იმოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, რადგან შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდება, რისკის პრემია კი გაიზრდება. გარდა ამისა, FED-ს მოუწევს საკმაოდ რთული ბალანსის დაცვა, რათა ინფლაციის კონტროლის ფონზე ზედმეტად არ შეიზღუდოს ეკონომიკა და ქვეყანა სტაგნაციურ, ან კიდევ უფრო უარეს – სტაგფლაციურ მდგომარეობაში არ გადავიდეს.
ასევე, გასათვალისწინებელია აშკარად გაუარესებული მაკროეკონომიკური ფაქტორები: მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები რეკორდული ტემპით იზრდება, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონემ კი 8.5%-იან ნიშნულს მიაღწია; მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ 1.4%-ით შემცირდა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ეკონომიკის სტაგფლაციურ მდგომარეობაში გადასვლის რისკებს.
მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა, გაუარესებულია უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ფინანსური შედეგები – ყველაზე ეფექტურმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც კი ვერ შეძლეს ანალიტიკოსთა მოლოდინების გამართლება, რაც უფრო მეტად აძლიერებს ბაზრის დათვისებურ სენტიმენტს.
აგრეთვე, საფონდო ბირჟებზე ნეგატიურ ზეწოლას ზრდის: რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, ჩინეთში ე.წ. ლოკდაუნების დაწესების შემთხვევები, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა და მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია.
რაც შეეხება კრიპტო-ბირჟის ემოციურ მდგომარეობას, შიშისა და სიხარბის ინდექსი ამჟამად ექსტრემალური შიშის ზონაშია (10/100), რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ინვესტორებს უაღრესად ნეგატიური მოლოდინები აქვთ, მათი ნაწილი კი მზად არის თანხის განაღდების მიზნით პოზიციები წაგებაშიც კი დახუროს.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟამ მსგავსი მასშტაბის ვარდნა 2021 წლის მაისშიც განიცა, მაშინ ბიტკოინის ფასი მოკლე პერიოდში 58,000 დოლარიდან $29,000-მდე შემცირდა და აღნიშნული კორექცია დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდა, თუმცა გასული წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – $69,000 მიაღწია. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კრიპტო-ბირჟა ისევ დაუბრუნდეს ხარისებურ ტენდენციას, თუმცა ამისათვის აუცილებელი წინაპირობა გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გამოსწორება, Nasdaq-ის ინდექსის დასტაბილურება და კაპიტალის ბაზრისადმი მოსახლეობის ინტერესის აღდგენაა, რასაც, შესაძლოა, რამდენიმე თვე და წელიც კი დასჭირდეს.