გახსნა?.. არ გახსნა?... საკითხავი აი ეს არის!

გადაიდო ოლიმპიადა; გადაიდო ევროპის ჩემპიონატი; გადაიდო ჩემპიონთა ლიგა, უიმბლდონი; გადაიდო დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე; გადაიდო 9 მაისიც კი (კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი მოქალაქე - ნახიმოვის სასწავლებლის ასობით კურსანტს დაუდგინდა კორონავირუსი, მას მერე რაც შემოატარეს საწვრთნელი მარშირებით წითელი მოედანი და მოსკოვის ცენტრალური გამზირები). გაჩერდა ქარხნები; აღარ დაფრინავს თვითმფრინავები. დახურულია კაფეები და დაცარიელებულია მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ქუჩები და მოედნები. როდემდე?

უკანასკნელი მონაცემებით (და ეს არ არის საბოლოო), მსოფლიო ეკონომიკა ჯამში დაკარგავს 9 ტრილიონ (!!!) დოლარს 2 წლის განმავლობაში. პანდემიის დასრულების შემდეგ, 195 მილიონი ადამიანი დარჩება უმუშევარი. და ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები  მიიღებენ უახლოეს მომავალში, მაგალითად მაისის დასაწყისში გახსნის გადაწყვეტილებას.

ვინ, როგორ გაუმკლავდება პანდემიას, ამაზე პასუხს პოლიტიკოსები საკუთარი მოქალაქეებისგან მალე მიიღებენ. მაგალითად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯაე ინმა გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა დაიმსახურა (საოცარი სანახავი იყო მოწესრიგებული სამხრეთ კორეელები რიგებში, დისტანციის დაცვით, პირბადეებით და ხელთათმანებით აღჭურვილი, ბიულეტენის მიღებისას იზომავდნენ ტემპერატურას და შემდეგ აძლევდნენ ხმას). ასე რომ, პოლიტიკური “ოსკარი“-ც წელს სამხრეთ კორეაში წავიდა. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქალი ლიდერის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი, ერთდროულად დაჯილდოვდნენ ახალი ზელანდიის, ტაივანის, გერმანიის, ფინეთისა და დანიის ლიდერები.

კარგად მიდიოდა ამ დრომდე შვედეთი; ყველასგან განსხვავებულად, მაგრამ ბოლო დღეებში დაინფიცირების და გარდაცვალების მკვეთრად მზარდმა რიცხვებმა, შვედეთის მთავრობის მიერ არჩეული “ჯგუფური იმუნიტეტის“ სტრატეგიის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია გავრცელებული მითი იმის თაობაზე, თითქოს შვედეთი საერთოდ არავითარ ზომებს არ იღებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფიზიკური დისტანცირება, ვისთვისაც შესაძლებელია სახლიდან მუშაობა, სახლში დარჩენისკენ მოწოდება,  უნივერსიტეტებსა და სკოლებში მაღალი კლასებისთვის სწავლის შეწყვეტა, 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა (და შესაბამისად აკრძალვის აღსრულება!!!), რესტორნებში მხოლოდ მაგიდასთან მომსახურება, და ა.შ. - ეს ყველაფერი ამ დრომდე ხდება შვედეთში. შვედეთის პრემიერი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კრიტიკას მშვიდად ხვდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებლად იქნება სიხარული, მაგრამ ჯერ დაიძლევა განსაცდელი. ასე რომ ვიკინგების ქვეყანას, რომელსაც სახელმწიფო სიმბოლოდ 1-ის მაგივრად “ტრე კრონორ“ ანუ 3 “კორონა“ აქვს, კორნავირუსის ნამდვილად არ ეშინია.

შვედეთის სტრატეგიამ ბევრი მსჯელობა და კამათი გამოიწვია. ზოგისთვის სტიმულის მიმცემი იყო, ზოგისთვის კი სარისკო გადაწყვეტილების საფუძველიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ თავზე გამოსცადა თამამი სტრატეგიის სიმძიმე, ისევე როგორც ტახტის მემკვიდრე ჩარლზმა. პრემიერს რეანიმაციაში მოხვედრამდე მოუწია 180%-ით კურსის შემობრუნება და ახლა ქვეყნის ე.წ. “ლოქდაუნი“, ანუ სრული კარანტინი მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. გამოჯანმრთელებით, მადლობა ღმერთს კი გამოჯანმრთელდა ბორის ჯონსონი, მაგრამ მის მიერ პანდემიასთან გამკლავებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს დიდ ბრიტანეთში. კარანტინის ზომების მხრივ მსგავსი ვითარებაა ლამანშის სრუტის გადმოღმაც. საფრანგეთის პრეზიდენტმაც ერისადმი მამართვაში ისაუბრა კარანტინის ვადების მაისამდე გაგრძელების აუცილებლობაზე.

სხვათაშორის, შვედეთის მსგავსად, ნიდერლანდების მთავრობასაც არ დაუხურავს მაღაზიების, რესტორნებისა და საწარმოების უმეტესობა, თუმცა სასწავლო პროცესი ჰოლანდიაშიც აპრილის ბოლომდეა შეჩერებული.

ინდივიდუალური ქვეყნების სტრატეგიების შეფასება და მათი გეგმების დეტალური განხილვა გახსნის ვადებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით შორს წაგვიყვანს, თუმცა, ერთი რამ უკვე ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა გამოგონებული არ არის და არც იქნება გარკვეული ხნის მანძილზე; მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ჯერ კიდევ იღუპებიან მოქალაქეები, ევროპის სახელმწიფოები, მ.შ. ყველაზე მძიმედ დაზარალებული იტალია და ესპანეთიც კი, მნიშვნელოვანი შეზღუდვებითა და მაქსიმალური სიფრთხილით, მაგრამ მაინც იწყებენ გახსნის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. გაცილებით უფრო თამამად, მაგრამ ასევე გარკვეული სიფრთხილით, სტატისტიკურ მონაცემებსა და მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრეების “აგუგუნებას“ იწყებს გერმანია.

კანცლერი მერკელი ნამდვილად თავაწეული გადააბარებს თავის პოსტს შემცვლელს, რომლის კანდიდატურაზეც ინტენსიურად მსჯელობენ გერმანიაში. გერმანიას ფეხდაფეხ მიჰყვება ავსტრია. კანცლერ სებასტიან კურცსაც ასევე აქვს საფუძველი, იამაყოს შედეგებით და არ მოერიდოს, როდესაც ავსტრიის გახსნის გეგმას “კურცარბაიტ“-ს უწოდებენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდივიდუალური გეგმები მაინცდამაინც არ მოსწონთ ბრიუსელში. ევროკომისიამ, ურსულა ფონ დერ ლაინის ხელმძღვანელობით, უკვე შეიმუშავა და დააგზავნა საგზაო რუქა წევრ ქვეყნებს შორის გახსნის პროცესის  კოორდინაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დოკუმენტი არ არის სავალდებულო, მაგრამ გულისხმობს ერთიანი ბაზრის ”აღორძინების“ და შენგენის ზონის, ევროკავშირის გარე და შიდა საზღვრების საკითხებში აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას. ევროკომისიის პოზიციები კოორდინაციის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვნად გამყარდება, თუკი ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდებიან 1 ტრილიონ ევროს მოცულობის საერთო სესხის გადაწყვეტილების თაობაზე. ევროპარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი ურსულა ფონ დერ ლაინის ინიციატივას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნების მეთაურებზეა.

რა ხდება ამასობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დედა შვილს არ აიყვანს. მას შედეგ, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყნის გახსნაზე ექსკლუზივის “დაანონსებისთვის“ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა, ყველასთვის მოულოდნელად პოზიცია შეცვალა და შტატების გუბერნატორებს მისცა შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როდის და რა მასშტაბით გახსნან საკუთარი შტატები. ვიდრე ასეთ “დათმობაზე წავიდოდა“, დონალდ ტრამპმა, დოქტორ ანტონიო ფაუჩისა და დაავადებათა კონტროლის საკითხებში მრჩეველთა გუნდის მიერ მომზადებულ დასკვნებზე დაყრდნობით, გაახმიანა ქვეყნის გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა. ის არ არის დეტალურად გაწერილი თარიღების და შტატების მიხედვით, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას უქმნის ამერიკელებს, ვინ როდის შეძლებს: ქუჩაში გასვლას, სამსახურში წასვლას და ბარში შესვლას.   

დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი სწორედ შექსპირისეულ კითხვას უჭირავს: გახსნა?... არ გახსნა?... მართლაც, რომ საკითხავი აი ეს არის. იმიტომ რომ ნოემბერში ამერიკაში არჩევნებია. კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ 190 მილიონიდან 22 მილიონი ამერიკელი უკვე უმუშევარია. ყველაზე მეტად კი იმიტომ, რომ ამერიკელები თავისუფლების მოყვარული ხალხია. ამიტომაც გამოვიდა ათასობით ამერიკელი მიჩიგანის, მინესოტასა და ვირჯინიის დედაქალაქებში გასაპროტესტებლად. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მიჩიგანის შტატის დემოკრატი გუბერნატორი გრეთჰენ უაითმერი, რომელსაც, სხვათაშორის, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავენ. საერთო შეფასებით, მის მიერ შემოღებული აკრძალვები ყველაზე მკაცრია სხვა შტატებთან შედარებით. ეს 3 შტატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ე.წ. მერყევ (swing) შტატებს წარმოადგენენ არჩევნების დროს და მათი ამომრჩევლების გულების მოსანადირებლად გაცხარებული ბრძოლა მიდის ყოველთვის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ამიტომაც არავის გაკვირვებია, როდესაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერი ტვიტებით გამოეხმაურა ამ 3 შტატის საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

უახლოეს დღეებში ნაწილობრივ გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება გაახმიანა ნავთობით მდიდარი ტეხასის შტატის გუბერნატორმა. სანაპიროების გახსნას გეგმავს ფლორიდის გუბერნატორიც. მათ ფონზე ძალიან გაუჭირდებათ სხვა შტატების გუბერნატორებს კიდევ 1 თვით კარანტინის გახანგრძლივება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის რისკიც, რომელსაც იღებენ გუბერნატორები. ეპიდემიის ხელახალი აფეთქების შემთხვევაში ისინი ნამდვილად ვერ შეინარჩუნებენ პოლიტიკურ თავებს საკუთარ მხრებზე.

კარგად მესმის მათი, ვინც გახსნის აქტიური მომხრეა. მეც გულით მინდა შევძახო: გახსნა! რა თქმა უნდა, გახსნა! მითუმეტეს, როდესაც ვხედავ, თბილისის პარკებში ჯგუფებად უდარდელად მოსეირნე, ჰიპერმარკეტებში ჩამწკრივებულ და ტაძრებში, მიუხედავად დაწესებული შეზრუდვებისა, მოსალოცად მისულ თანამოქალაქეებს. ამის შემხედვარე სულ უფრო მიმყარდება აზრი, რომ აჯობებს დისტანცირების პირობების ზედმიწევნით დაცვის, რისკის ჯგუფებზე მაქსიმალური მზრუნველობისა და გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებით, ვიმოძრაოთ გახსნის გადაწყვეტილების მიმართულებით.

მოვა ალბათ მაგის დროც! სჯობს მალე, ვიდრე გვიან, მაგრამ რაც მთავარია, მინიმალური დანაკარგით.

მადლობა და დიდება ჩვენს გმირ ექიმებს!

წინა სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
17 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ეგვიპტის ტურიზმის ექსპერტები ზარალს აფასებენ
21 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker