სამეფოში რაღაც აირია

დიდი, უმაგრესი, უდიდესი - რა მაგარი კაცია მემკვიდრე პრინცი.

რა ენაღვლებათ მეფეებს…

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, ჰქონდა დიდი გეგმები - ხედვა 2030 - იმედი ჰქონდა, რომ რეფორმატორის იმიჯს მოირგებდა; ფულის დახარჯვისთვისაც მზად იყო. დიდია (რესურსებით) საუდის არაბეთის სამეფო...

არ წავიდა ისე, როგორც ჩანაფიქრი ჰქონდა. “საუდი არამკო“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა და ძვირფასთა შორის ძვირფასი! იყო! თუმცა, კორონამ ისიც კი “წააქცია“ - 25%-ით დაიკლო მისმა აქციებმა. მერწმუნეთ, სერიოზული ციფრია!

               

არა მხოლოდ ეგ!

დიდი ამოცანები ჰქონდა სამეფო ოჯახის მთავარ საყრდენს! ქვეყნის შიგნითაც მოუწია დროთა განმავლობაში “სტაბილურობის“ უზრუნველყოფის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეგ ამბავი საერთაშორისო კონტექსტში საინტერესო და მხოლოდ “ჩაჭიდებული“ მიმომხილველებისთვის იქნებოდა საინტერესო, რომ არა... ნავთობის ფასებში აჭრა! მართლაც რომ აჭრა! მემკვიდრე პრინცმა გადაწყვიტა… “კბილების გამოჩენა“! გამომდინარე სახელმწიფო ინტერესებიდან, და რა თქმა უნდა ავტომფლობელების გადმოსახედიდან, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესო იყო “სანავთობო“ ომების პერიპეტიები, რომელიც განვითარდა დროთა განმავლობაში (ძალიანაც კარგი რომ აჭრა! მძღოლი კაცი ამბობს ამას)!

ასე მგონია, რომ გადამეტებული თავდაჯერებულობით მიღებული გადაწყვეტილებით, საუდის არაბეთი შევიდა ომში, რომელიც სიკეთეს არავის მოუტანს! ახლო მომვალში, ყოველ შემთხვევაში! თავადაც დაზიანდა და სხვებიც სერიოზულად შეაჯანჯღარა!             

სწორადაც რომ - “დაზიანდა“ ამ ომის გამოცხადებით! როგორც უკვე მშვენივრად იცით, სხვა დიდი მოთამაშეებიც დაზარალდნენ; აშშ-ს ფიქლის ნავთობის მომპოვებლებში დიდი აურზაური ატყდა - გაკოტრდა ერთი, გაკოტრდა კიდევ ერთი! ყველას მოგეხსენებათ, რომ ... “გაგიკვირდებათ“ და ამ დროს პოლიტიკა აუცილებლად ერთვება! დიახ, მომპოვებლებზე მზრუნველი მოქმედი და კანდიდატი დიდი მასშტაბის პოლიტიკოსები აუცილებლად იტყვიან, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთან სამუშაო ადგილები შეიქმნება, მოზრდილი ჯიპებიც იქნება და საერთოდაც... ყველაფერი კარგად იქნება!

შორიდან მსჯელობა თითქოს ადვილია - 30 მილიონს გადააცილა უმუშევრად დარჩენილთა რიცხვმა აშშ-ში; თითქოს შეყოვნდა ამერიკული ეკონომიკა; თითქოს მკაცრად “მოიკითხა“ აშშ-ს პრეზიდენტმა მემკვიდრე პრინცთან; სხვათაშორის, ძალიან სწორადაც - ამერიკული ეკონომიკისთვის და “საარჩევნო ყულაბისთვის“ ყველა შემთხვევაში ნამდვილად!!! უყვართ ამერიკელებს იაფი ბენზინი (ვის არ უყვარს) და დიდი მანქანები!

დავუბრუნდეთ საოცარ, მისტიურ ბედუინებს; საოცარ არაბებს, გასაოცარ, 21-ე საუკუნის ქვეყანას! “ხედვა 2030“ ხომ მემკვიდრე პრინცის სავიზიტო ბარათი... იყო!

               

ათეულობით მილიარდი დოლარი მომავალში, ახალი, მომავლის ქალაქის მშენებლობა… ყველაფერი ეს გარკვეულ დროით პანდემიით გაშეშდა! ახალი რეგულაციები, საგადასახადო ვალდებულებები - 5%-დან 15%-მდე დამატებითი ღირებულების გადახდის გაზრდა, რაც არ ახსოვს ყველაზე მხცოვან საუდელსაც კი; რეიონული ლიდერის ამბიციებიდან მცირედი უკანდახევა (იემენში სამხედრო ოპერაციების შეჩერება),  - ვინ წარმოიდგენდა?!

75 წლის მანძილზე სულ რაღაც 2-3 ჯერ მცირედი გაუგებრობით შემოიფარგლა აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ისტორია; ნავთობი ნავთობად, რეგიონი რეგიონად და ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები ტრაგიკულად ცნობილი, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობამ ლიდერებისთვის განსხვავებულ რეგისტრში ასწია, თუმცა, მოკრძალებულად, “მოყუჩებულად“! გარკვეულ დრომდე!

ამერიკელმა კანონმდებლებმა იციან “გახურება/მიწოლა“, მ.შ. სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაშიც; შედის რეზოლუცია კონგრესში, შემდგომ სენატში; გარკვეულწილად მძიმე რეზოლუციები, რომლებიც თავისთავად აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საყვედურებსაც წარმოადგენს და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაფრთხილებასაც. რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, რომ დანაყოფები და სისტემები გაიყვანოს შენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ; ხდება ხოლმე !!

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია თამამად აცხადებდა, რომ არავისზე დამოკიდებული არ არის და, პირიქით, ენერგომატარებლების მთავარი მიმწოდებელი გახდა და უკან არ დაიხევდა არაფერზე. პანდემიამ კი შეცვალა საერთო სურათი, მაგრამ არა მნიშვნელოვნად - გამომდინარე ფასების სერიოზული ვარდნიდან და შესაბამისად შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითრებიდან, ასევე სააარჩევნო ციებ-ცხელების რეალიებიდან, დონალდ ტრამპი აქტიურად ჩაერთო მედიატორის როლში და რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმების მიღწევით თავისი “ვიტამინები მიიღო“. თუმცა, არცთუ ისე დიდი ხნით! ეკონომიკას თავისი წესები აქვს და პოლიტიკასთან მორგებას თავის ფასს უწესებს. ნავთობი გაიაფდა... მინდა გითხრათ, ძალიან მაგრად და კარგა ხნით. ახალი რეალიები კარნახობს ახალ ურთიერთობებს. აშშ-ს პრეზიდენტი და მოქმედი კანდიდატები ამ თემას როგორ გამოიყენებენ საარჩევნოდ, დრო გვიჩვენებს, თუმცა, ჩემი აზრით, საუდები იყვნენ, არიან და იქნებიან ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ურყევი, ერთგული და სტრატეგიული პარტნიორები; ცოტა “გაუჭირდებათ“ მოკლე-ვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფო ფონდიც შეთხელდება, მაგრამ სტრატეგიული  ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ჩემის ღრმა რწმენით, არ გადაიხედება!

სხვათაშორის, სტრატეგიულ ურთიერთობებზე გამახსენდა - ამ სტატუსს დამსახურება უნდა; ამ სტატუსს მუშაობა უნდა; ამ სტატუსს შენარჩუნება უნდა. ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლების ცვალებადი განწყობები, ვერ უნდა ეხებოდეს “სტრატეგიულ ურთიერთობებს“; მაგ. აშშ -მექსიკის, აშშ -კანადის, აშშ -იაპონიის და ა.შ.

სტრატეგიული ურთიერთობები - ორმხრივი ან მრავალმხრივი ამბავია. მშვენიერია ამბიცია, მოსასმენია რიტორიკა, მაგრამ განმსაზღვრელია მოქმედება; რა თქმა უნდა, ორმხრივად!

აშშ-ს და საუდის არაბეთს, კაცობრიობის არსებობამდე ნამდვილად ექნება სტრატეგიული ურთიერთობა (მშურს და მიხარია მათი), თუმცა, ღრუბლები გასაფანტია; დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ  ასეც მოხდება, თუმცა, მიუხედავდ ყველაფრისა, გარკვეული პერიოდის მანძილზე ნავთობის ფასი აღარ შეიცვლება. გარკვეული ხარჯები შეიკვეცება; მთელი რიგი პროექტების ბიუჯეტურად შეთხელდება, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ საუდის არაბეთში ქალი მძღოლების უფლებები აღარ შეილახება და კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება;

საერთოდაც, რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით, საუდის არაბეთი - ძლიერი, საინტერესო და ენერგიული - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია!

სიტყვა “სტრატეგიულს“-აც მოვუფრთხილდები მაინც - მართლა დიდი არს მისი მნიშვნელობა!

წინა სტატია

რუსეთის უკრაინული ენდშპილი
08 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ბილ გეითსი?
19 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker