დონალდ ტრამპს სჭირდება გამარჯვება... ბალკანეთში

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები კვლავინდებურად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ნიშანდობლივია, რომ განსაკუთრებულ „მზრუნველობას“, შეშფოთებას და აღშფოთებას გამოხატავენ..... რუსეთის ხელისუფლების, მათივე ტროლების ფაბრიკის და ჰაკერ ჯგუფების ნაცნობი და უცნობი სახეები. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენთაგანიც, ნებსით თუ უნებლიედ ხდება ამ პროპაგანდისტული ომის ნაწილი. ერთი ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ჟურნალისტის დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში დიდი ვაი-ვიშით (ეს რა დღეში ჩავარდა ამერიკა; ნახეთ რას დაემგვანენ) ხდება შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევი „ფეიკ“ ფოტოების გაზიარება, რომელიც აუცილებლად რომელიმე რუსული საინფორმაციო სააგენტოდან ან რუსი „ბლოგერის“ კედლიდან არის წამოღებული. ცხადია, რუსეთს, ირანს და ჩინეთს პროპაგანდისტული ომის გაჩაღებისთვის ხელ-ფეხი თავად აშშ-ში მიმდინარე პროცესებმა გაუხსნა. შეიძლება ითქვას, მათთვის ოქროს ხანა არის დამდგარი. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რასიზმის და ძალადობის წინააღმდეგ ხომ იდეალური ნიადაგია აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში, ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის.

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, მასობრივი საპროტესტო აქციები  - ამ ყველაფრის ფონზე უწევს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გამკლავება გამოწვევებთან როგორც საშინაო, ისე საგარეო ფრონტზე. თუკი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი თავს იწონებდა მისი პრეზიდენტობის დროს შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით და საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული ახალი რეკორდებით, დღეს დონალდ ტრამპი იგერიებს შეტევებს ოპონენტი დემოკრატებისგან და მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან, რომელთა შორის ყველაზე მწვავე და სახიფათო (დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის) შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მიერ წიგნის გამოცემა. გასაყიდად გამზადებული წიგნის (სასამართლომ არ მიიღო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის არგუმენტები, რომ წიგნის გამოცემამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება) მედიაში გამოჟონილი ფრაგმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი მემუარების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგარეო პოლიტიკას, დონალდ ტრამპის დიპლომატიისადმი დამოკიდებულებას და საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობების მისეულ აღქმას ეძღვნება. ასეთი წიგნები ადრეც გამოსულა და მომავალშიც გამოვა. რომ არა საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს, ჩემი აზრით, ეს წიგნიც ერთი მორიგი „ბესთსელერი“ იქნებოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა. ამას თავად დონალდ ტრამპიც ჩვენზე კარგად ხვდება. შესაძლოა, ეს დამთხვევა იყოს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი გაჩნდა ფრაზა ბოლტონის წიგნიდან, რომ დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას სი ძინპინს დახმარება თხოვა არჩევნებში ხელმეორედ გასამარჯვებლად, აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს უიღურთა უფლებების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე ერთხმად გავიდა კონგრესსა და სენატში და იყო გარკვეული დროის მანძილზე პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოწერის მოლოდინში. ნიშანდობლივია, რომ ხელმოწერის დღეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰავაიში ამერიკულ ბაზაზე ხვდებოდა ჩინელ კოლეგას. ჩინეთის მხრიდან, ცხადია უმწვავესი რეაქცია მოყვა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას. ოფიციალური ბეიჟინის მხრიდან აღნიშნული კანონის ძალაში შესვლა, რომელიც სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც გულისხმობს, შეფასდა, როგორც უხეში ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და  განცხადებულ იქნა, რომ ამ ქმედებას ჩინეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვება.

დონალდ ტრამპმა, მსგავსად რუსეთის ხელისუფლებასთან გარიგებაში დადანაშაულებისა, აქაც ამაყად განაცხადა, რომ პირადად ის არის გაცილებით უფრო მკაცრი და ხისტი ჩინეთთან მიმართებაში, ვიდრე მისი დემოკრატი წინამორბედი, ხოლო ჯონ ბოლტონი კი არის მატყუარა (გაცხარებულმა მაიკ პომპეომ ყოფილ თანაგუნდელს მოღალატეც კი უწოდა).

ასეა თუ ისე, დონალდ ტრამპს საშინაო პრობლემებთან ერთად, საერთაშორისო ფრონტზე მისი ადმინისტრაციის საქმიანობისადმი კრიტიკის გა(X)მაგებაც დაემატა. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად სჭირდება ხმაურიანი „ცხელ-ცხელი“ წარმატების ამბები საერთაშორისო ფრონტებიდან, მისი ერთ დროს „ძმა და მეგობარი“ ჩრდილოეთ კორეელი კიმ ჩენ ინი სადელიმიტაციო ზონაში სამხრეთ კორეის მიერ აშენებულ ოფისებს აფეთქებს და ომის დაწყებით იმუქრება; ავღანეთში თალიბები თან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან და თან ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავს ესხმიან და რეალურ სამშვიდობო შეტანხმებას დღითიდღე უფრო შორდებიან; ისრაელსა და განსაკუთრებით პალესტინაში, დონალდ ტრამპის „საუკუნის სამშვიდობო გეგმის“ შესრულების ნაცვლად, ფაქტიურად ომისთვის ემზადებიან; ბაშარ ასადის რეჟიმისთვის დაწესებული ახალი სანქციების მიუხედავად, სირიაში რუსეთი, ირანი და თურქეთი - ცალ-ცალკე თუ ერთად, ყველანი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და გავლენების განსამტკიცებლად იბრძვიან, ამერიკელები კი ავანსცენიდან გადიან; ლიბიაში ხომ საერთოდ, ამერიკელების გარეშე, ყველანი ერთმანეთს ესვრიან. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ რუსეთთან ახალი სანქციების შემოღება/სამიტზე დაპატიჟება „ჯოხი და სტაფილოს“ ტაქტიკას, გერმანიაში ჯარების შემცირების („მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ფული წინასწარ გადახდით“) ნატოელი მოკავშირეებისთვის, რბილად რომ ვთვქათ, უხერხულ გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებში მიღწეული შედეგების საერთო სურათი არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ აშშ აღარ აპირებს, იყოს მსოფლიო პოლიციელი და აღარ მიიღებს იმ კონფლიქტებში მონაწილეობას, რომელიც უშუალოდ აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასთან კავშირში არ იქნება. რუსულ მედიაში, რა თქმა უნდა, ეს განცხადება სიხარულით იქნა ატაცებული და ითარგმნა, როგორც სხვა მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, ისე ბალკანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაყვანის გადაწყვეტილებად.

ჯარების გაყვანის რა მოგახსენოთ, მაგრამ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის და კოსოვოს პრეზიდენტის ჰაშიმ ტაჩის ვაშინგტონში ჩაყვანის და თეთრ სახლში 27 ივნისს შეხვედრის შესახებ ცნობა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბალკანეთის საკითხებში რიჩარდ გრენელმა საკუთარ ტვიტ ანგარიშზე დაადასტურა.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი ემზადებიან ბოლო ბრძოლისთვის ბალკანეთზე. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში სამხედრო დაპირისპირებას არ ვგულისხმობ, არამედ გრძელვადიანი ინტერესების და საკუთარი გავლენების შენარჩუნება/განმტკიცება მქონდა მხედველობაში. ევროკავშირი სერბეთს წევრობას ჰპირდება, თუკი ვუჩიჩი კოსოვოს აღიარებას დათანხმდება. მეორეს მხრივ, კოსოვოს აღიარებას და ახლო პერსპექტივაში ევროკავშირში გაწევრიანებას პირდება ჰაშიმ ტაჩისაც, თუკი ის სერბებით მჭიდროდ დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილს სერბეთს დაუთმობს კოსოველი ალბანელებით დასახლებულ მიწების სანაცვლოდ. სხვათაშორის, ვაშინგტონამდე სერბეთის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავა, სადაც, ექსპერტთა შეფასებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა მის დარწმუნებას შეეცდება, არაფერ მნიშვნელოვანს ხელი არ მოაწეროს ამერიკაში. ჩინეთი „სარტყლის და გზის“ ინიციატივის ფარგლებში მრავალმილიარდიანი კრედიტებით განსახორციელებელი პროექტებით რეგიონში ჩინური „დროშის ჩარჭობას“ ყოველგვარი კონკრეტული პოლიტიკური შეთავაზებების და გაცვლა-გამოცვლების წინადადებების განხილვის გარეშე ლამობს.  ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ტერორისტები რომ იღებენ მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ პასუხისმგებლობას, ისე აიღო რუსი „სამშვიდობოების“ მიერ კოსოვოს აეროპორტის დაკავებაზე პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, სერბეთი რუსეთის უკანასკნელი მოკავშირეა ბალკანეთის რეგიონში. ჰოდა, არავის გაკვირვებია, რომ როგორც კი გაჩნდა ცნობა თეთრ სახლში შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაჩნდა ბელგრადში და განაცხადა, რომ ვერავითარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული რუსეთის თანხმობის გარეშე და, რომ თუკი რაიმე სერიოზულ შეთანხმებაზე იქნება საერთოდ საუბარი, ის (რუსეთი) პარტნიორობაში უპირატესობას ევროკავშირს ანიჭებს.

არადა, როგორ სჭირდება დონალდ ტრამპს გამარჯვება..... ბალკანეთში. ჯერ კიდევ უცნობია, რა შეიძლება შეთავაზოს კოსოვოს და განსაკუთრებით  სერბეთის ლიდერებს თეთრი სახლის პატრონმა გარდა ზემოაღნიშნული, უკვე არაერთხელ გახმიანებული ტერიტორიების „სუოპ“-ის წინადადებისა. ახლო აღმოსავლეთის „საუკუნის შეთანხმების“  მაგალითზე თუ ვისაუბრებთ და ჩრდილოეთ კორეის მსოფლიო დონის სარეკრეაციო ზონად გარდაქმნის პროექტის  პრეზენტაციას თუ გავიხსენებთ, შესაძლოა აქაც იყოს საუბარი მრავალმილიარდიან ინვესტიციებსა და ბალკანეთის გაბრწყინების შესაძლებლობაზე. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ვუჩიჩს, ტრამპისგან განსხვავებით, ვაშინგტონში შეხვედრის დროს არჩევნებიც მოგებული ექნება, მოსკოვში პარადზე ნამყოფიც იქნება, და შესაბამისად „ერთმორწმუნეთა“ მხარდაჭერის დადასტურებაც მიღებული ექნება, და როგორც გითხარით ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებისგან  წევრობის კიდევ უფრო ნათელი პერსპექტივაც დანახული ექნება. ასე რომ, სერბი ლიდერი ნამდვილად არ იჩქარებს. კოსოველ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის რაც შეეხება, მანაც ივნისის დასაწყისში მოიწესრიგა შიდაპოლიტიკური ბალანსი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ალბინ კურტი, რომელიც მას მშობლიური მიწების სერბებისთვის ჩაბარებაში ადანაშაულებდა, არჩევნების გზით ჩამოიცილა (ერთსა და მეორე შემთხვევაშიც არჩევნების დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე ბევრი კითხვის ნიშნები დაისვა). ცხადია, კოსოვო გაცილებით უფრო დამოკიდებულია აშშ-ზე, მაგრამ თავისი ინტერესების გატარებას ჰაშიმ ტაჩიც შეეცდება (აშშ-ს სერიოზული ძალისხმევა და დრო დასჭირდა, რომ კოსოვოს სერბულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების დაწესების გადაწყვეტილება გაეუქმებინა). მითუმეტეს, როდესაც დონალდ ტრამპს ეს გამარჯვება ასე სჭირდება. 

პ.ს. მაშინ როდესაც ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს პრეზიდენტი მის მთავარ პარტნიორ აშშ-სთან რაღაც საკითხებზე ხისტად პოზიციონირებს, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი ერთდროულად ბეიჟინს, ბრიუსელს, ვაშინგტონს და მოსკოვს გეოპოლიტიკურად ეთამაშება, სულ ერთი კითხვა მიჩნდება: ჩვენ სად ვართ ჩვენ? :)                   

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “სვაროვსკი“
19 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ისრაელი?
23 ივნისი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker