"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

ალასკამ რა ჰქმნა?

გიორგი არონია - ალასკა

ყველაფერი 1967 წელს დაიწყო, როცა ალასკის ჩრდილოეთში მდებარე პრუდოს ყურეში ჩრდილოეთ ამერიკის ნავთობის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. ათი წლის შემდეგ ტრანსალასკურ მილსადენში ნავთობის პირველი ბარელები ჩაეშვა. თავდაპირველად ბიზნესში ორი ნავთობმომპოვებელი გიგანტი ჩაერთო: „ბრითიშ პეტროლეუმი“ და „არკო“, თუმცა მოგვიანებით პირველმა მეორე შეიძინა და ალასკაზე აღმოჩენილი ნავთობის მოპოვების უფლება ექსკლუზიურად „ბრითიშ პეტროლეუმს“ დარჩა. სხვათა შორის, სალიზინგო ხელშეკრულებამ 900 მილიონი დოლარი შეადგინა[1], რაც 2021 წლის დოლარებში 7 მილიარდს აღემატება.

პრუდოს ყურის საბადოში ნავთობის მოპოვების უფლების გასხვისების პარალელურად, შტატის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მეტიც, ისტორიკოსთა აზრით, ასეთი მნიშვნელობის ცვლილება ალასკაში არც მანამდე მომხდარა და არც მის შემდგომ – ცხადია, საუბარია „ალასკის მუდმივი ფონდის“ შექმნაზე. საქმე კი ასე იყო: სალიზინგო გარიგებიდან შემოსული თანხა რამდენიმე წელიწადში დაიხარჯა და საჭირო გახდა ფონდის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნავთობიდან მიღებულ სამომავლო შემოსავალს ალასკის ხელისუფლება სარგებლიანად დააბანდებდა.

„ალასკის მუდმივი ფონდის“ დაარსებიდან საკმარისი დრო გავიდა მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესაფასებლად. მოდი, სტატისტიკას შევხედოთ. 2021 წლის 30 აპრილის მონაცემებით, ფონდის ჯამური ფინანსური აქტივების ღირებულება 77.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს (იხ. დანართი #1). ფონდი უმეტესწილად მოგებიანია, თუმცა 2001-2002 და 2008-2009 წლებში  ფონდის ფინანსური აქტივების ღირებულება შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 2020 წელი ფონდმა ორპროცენტიანი მოგებით დაასრულა (იხ. დანართი #2).

წყარო: Alaska Permanent Fund Corporation: Our Performance (https://apfc.org/our-performance/)
წყარო: Alaska Permanent Fund Corporation: Our Performance (https://apfc.org/our-performance/)

ისე კი, სუვერენული სიმდიდრის ფონდის იდეა სულაც არ არის ახალი. ასეთი ფონდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის – საქართველოშიც. ის, რაც „ალასკის მუდმივ ფონდს“ სხვა მსგავსი ფონდებისაგან გამოარჩევს, მისი სოციალური მხარეა: 1982 წლიდან ფონდის საკუთრებაში არსებულ ფინანსურ აქტივებზე დარიცხული დივიდენდის ნაწილი ალასკის მოსახლეობას გადაეცემა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სახით. ეს პროგრამა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ხუთივე ძირითად პრინციპს აერთიანებს: ის არის საყოველთაო, უპირობო, ინდივიდუალური, გაიცემა პერიოდულად და ნაღდი ფულის სახით. პროგრამაში მოსახვედრად ადამიანმა ორი პირობა უნდა დააკმაყოფილოს: პირველი – დაამტკიცოს, რომ წინა წლის განმავლობაში ალასკაში ცხოვრობდა და სხვაგან გადაბარგებას არ ფიქრობდა; და მეორე – აჩვენოს, რომ ბოლო დროს სერიოზულ საქმეზე არ გაუსამართლებიათ.

როგორც წესი, ყოველწლიურად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პროგრამაში ალასკის მოსახლეობის 90% ერთვება. აღსანიშნავია, რომ თანხა, რომელსაც თითოეული მათგანი იღებს, დამოკიდებულია „ალასკის მუდმივი ფონდის“ წინა ხუთი წლის საშუალო მოგებაზე.[2] ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ინდივიდუალური დივიდენდი, უმეტესწილად, ალასკის მოსახლეობის საშუალო ყოველწლიური შემოსავლის 7%-ს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური გადასახადის ოდენობა წლიდან წლამდე საშუალოდ 19.8%-ით მერყეობს.[3] 2019 წელს პროგრამაში ჩართულ თითოეულ ადამიანს 1606 დოლარი ერგო (ალასკის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ოდნავ მეტი), ხოლო 1982 წლიდან დღემდე, ყოველწლიური დივიდენდის სახით, ჯამში, 23 მილიარდი დოლარი გაიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სოციალური პროგრამა ერთი შეხედვით მარტივად გამოიყურება, მის დასაწყებად ალასკის ხელისუფლებას არაერთი სამართლებრივი ბარიერის გადალახვა მოუხდა. დავიწყოთ იმით, რომ „ალასკის მუდმივი ფონდის“ შესაქმნელად შტატის კონსტიტუციაში შესწორება შეიტანეს, რომლითაც დადგინდა, რომ წიაღისეულის მოპოვების უფლების გასხვისებიდან შემოსული თანხის სულ მცირე 25% ფონდში უნდა დაბანდებულიყო.[4] თავდაპირველად ალასკის გუბერნატორ ჯეი ჰამონდს დივიდენდის დარიგება არათანაბრად სურდა – თანხა ალასკაში გატარებული წლების პროპორციული იქნებოდა. ამ ხედვას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც დივიდენდის არათანაბარი გადანაწილება არაკონსტიტუციურად ცნო. გაივლის წლები და ჯეი ჰამონდი დაწერს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ შტატი გააძლიერა და „მუდმივი ფონდი“ მედროვე პოლიტიკოსებისაგან დაიცვა.[5] 2005 წელს ალასკის წარმომადგენელთა პალატამ დივიდენდის ოთხ ნაწილად დაყოფა მოინდომა, მაგრამ კანონპროექტი პატერნალისტურად შეირაცხა და მას მერე დღის შუქი აღარ უნახავს.

„ალასკის მუდმივი ფონდის“ მიერ გაცემული დივიდენდი შტატის მოსახლეობისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ურჩევნიათ, გადასახადები გაუზარდონ, ვიდრე დივიდენდის გაცემა შეუწყვიტონ.[6] პროგრამის წარმატებასა და სარგებელზე სტატისტიკაც მიანიშნებს: ამ სოციალური პროგრამის დამსახურებით სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებლებმა დაიკლო[7] და უმუშევრობა 17 პროცენტით შემცირდა, თან ისე, რომ არც ინფლაცია გამოუწვევია.[8] სხვა ყველაფერთან ერთად, ალასკის ექსპერიმენტი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის საოცარი მაგალითია, რომლის გამოცდილებას უყურადღებოდ არც მომავალი თაობები დატოვებენ.

 

წყაროები:

[1] Gentilini, U., Grosh, M., Rigolini, J., & Yemtsov, R. (2020). Exploring Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank. doi:10.1596/978-1-4648-1458-7, (pg. 53).

[2] van Parijs, P., & Vanderborght, Y. (2019). Basic Income: A Radical Proposal for a Free Society and a Sane Economy. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, pg. 94.

[3]Gentilini, U., Grosh, M., Rigolini, J., & Yemtsov, R. (2020). Exploring Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank. doi:10.1596/978-1-4648-1458-7, (pg. 54).

[4] Alaska Const. art. 9, § 15

[5] Hammond, J. S. (1994). Tales of Alaska’s Bush Rat Governor: The Extraordinary Autobiography of Jay Hammond Wilderness Guide and Reluctant Politician. Fairbanks, Alaska: Epicenter Press, pg. 253.

[6] Isenberg, Taylor Jo. 2017. “What a New Survey from Alaska Can Teach Us about Public Support for Basic Income.” Blog post January 28. Economic Security Project. https://medium.com/economicsecproj/what-a-new-survey-from-alaska-can-teach-us-about-public-support-forbasic-income-ccd0c3c16b42

[7] იხ. მესამე წყარო

[8] Jones, Damon, and Ioana Marinescu. 2018. “The Labor Market Impacts of Universal and Permanent Cash Transfers: Evidence from the Alaska Permanent Fund.” NBER Working Paper 24312. National Bureau of Economic Research, Cambridge, MA. https://www.nber.org/papers/w24312.pdf

გააზიარე