"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდით საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზეა

ბესო-02 (2)

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯებია, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარად მთავრობა ფულს სესხულობს. რადგან დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის, მისი არსებობა არასასურველია.

დეფიციტის ეკონომიკისადმი ტვირთი მისი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით განისაზღვრება. ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მლნ ლარია დეფიციტი) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან დეფიციტის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე.

ქვეყნების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. სავალუტო ფონდი ინფორმაციას ე.წ. ნაერთ ბიუჯეტის დეფიციტზე აქვეყნებს. ნაერთი ბიუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტების კონსოლიდირებული ვერსიაა. ფონდი დეფიციტის მაჩვენებლად ბიუჯეტის წმინდა სესხების მაჩვენებელს მიიჩნევს, ანუ ჯამში რა თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რაც ვალის აღებით დაიფარა.

საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით საქართველო 184 ქვეყანას შორის 96-ე ადგილზეა. საქართველოზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი 95 ქვეყანას აქვს, 88 ქვეყანას კი ნაკლები დეფიციტი, ან პირიქით, სიჭარბე აქვს. 2022 წელს საქართველო რეიტინგში 97-ე ადგილზე იყო, ანუ 2023 წელს ქვეყნის პოზიცია 1 საფეხურით გაუმჯობესდა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -1.5% იქნება. ეს მაჩვენებელი 2022 წელსაც მშპ-ის -1.5% იყო, 2021 წელს კი -4.7%, 2020-ში – 7.7%. 2020-2021 წლებში მაღალი დეფიციტი კოვიდპანდემიამ განაპირობა. პანდემიის შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხარჯები კი გაიზარდა. პანდემიამდე, წინა 6 წლის საშუალო დეფიციტი მშპ-ის -0.2% იყო.

ფონდის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2023 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 1.2 მილიარდი ლარი იქნება, 2022 წელს კი 1.1 მილიარდი ლარი იყო.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დაბალი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ

სავალუტო ფონდის მიხედვით, 2023 წელს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი ტიმორ-ლესტეს აქვს – მშპ-ის -41%. შემდეგ მოდის უკრაინა -16%-ით და ტუვალუ -12%-ით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი რუსეთს აქვს, მშპ-ის მიმართ -5.9%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ -4.4%-ით. სომხეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -0.1%-ია, აზერბაიჯანს კი დეფიციტის ნაცვლად სიჭარბე აქვს, მშპ-ის 0.6%.

წელს მსოფლიოში 54 ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტი არა აქვს. მათ მთავრობებს შემოსავალი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ხარჯები. ყველაზე მაღალი სიჭარბე ნორვეგიას აქვს – მშპ-ის 24%. შემდეგ მოდის კატარი 16%-ით და ლიბია 10%-ით.

ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი მქონე 10 ქვეყანა 2023 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ტიმორ -ლესტე-41
2უკრაინა-16
3ტუვალუ-11.8
4კირიბატი-11.7
5ბუტანი-7.2
6ალჟირი-6.5
7იაპონია-6.3
8ბურკინა-ფასო-5.9
9რუსეთი-5.9
10ვენესუელა-5.8

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა