პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი.

ჯეკ მას აღმასვლა და დაცემა

378

ჯეკ მას აღმასვლა და დაცემა

ჯეკ მა – ეს სახელი თანამედროვე სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტპლატფორმებზე არაერთ საინტერესო და შთამაგონებელ საჯარო გამოსვლებთან ასოცირდება, სადაც აზიელი მილიარდერი საკუთარ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, განათლებასა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ თემაზე საუბრობს. რაც შეეხება ჯეკ მას სამშობლოს, ჩინეთში სახელი 马云 მა იუნი, „ალიბაბა ჯგუფთან“ და მის მიერ შექმნილ ბევრ ისეთ სერვისთან ასოცირდება, რომელთა გარეშე ცხოვრება მილიონობით ჩინელისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩინეთის პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, საზოგადოება არც ისე განებივრებულია მილიარდერების საჯარო აქტივობებითა და გამოსვლებით როგორც ქვეყნით შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მიუხედავად ჯეკ მას უსაზღვრო პოპულარობისა და დიდი სოციალური კაპიტალისა, მან დიდი „შეცდომა“ დაუშვა, თანაც ისეთი, როგორსაც „ცისქვეშეთში“ იშვიათად აპატიებენ ხოლმე. სანამ ჯეკის სახიფათო თამაშებზე ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, თუ როგორ გახდა არცთუ ისე მაღალი სოციალური ფენიდან წამოსული ბიჭი ყველაზე ცნობილი აზიელი მილიარდერი.

როგორ გამდიდრდა ჯეკ მა?

ჯეკ მა, იგივე მა იუნი 1964 წელს,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ხანგჭოუში დაიბადა. ახალგაზრდა მა უცხო ენების სწავლით იყო გატაცებული და ინგლისური ენის პროფესიონალურად შესწავლა უნდოდა, რის გამოც ხანგჭოუს პეგაგოგიურ კოლეჯში ორჯერ სცადა ჩაბარება, თუმცა მისაღებ გამოცდებში მათემატიკის დაბალი ქულის გამო, ვერ მოახერხა. მოგვიანებით მან მაინც აისრულა ოცნება და ინგლისურის სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, თანაც – საკმაოდ წარმატებულად. გასული საუკუნის 90-იან წლებში უზარმაზარ ჩინეთში არც ისე ბევრი ახალგაზრდა იყო, ვინც ინგლისური პროფესიონალურ დონეზე იცოდა, არადა, ქვეყნის გახსნილობისა და რეფორმების შედეგად, ეს უნარი სულ უფრო მაღალ შემოსავლებს იძლეოდა. მამ ეს შესაძლებლობა ადრიდანვე დაინახა და კოლეგებთან ერთად 1994 წელს სათარჯიმნო კომპანია დააარსა. უცხოურ კომპანიებთან ინტერაქციის შედეგად მან ინტერნეტით ვაჭრობის უპირატესობები კარგად გაიაზრა, ასევე კარგად ხედავდა იმას, თუ რა შანსს უშვებდა ხელიდან ჩინური ბაზარი ინტერნეტის ცუდად გამოყენების გამო. ის მალევე აარსებს საკუთარ კომპანიას, რომელიც ვებსაიტების მეშვეობით გაყიდვებს ახალისებს, აქცენტი განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე კეთდება. ჯეკი 1999-2000 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინტერნეტკომპანიას ხელმძღვანელობდა, თუმცა მან გაიაზრა, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდული იქნებოდა, თუ სახელმწიფო ბიუროკრატიასთან პირდაპირი ვალდებულება ექნებოდა, ამიტომ დატოვა კომპანია და „ალიბაბა ჯგუფის“ დაარსებას შეუდგა. „ალიბაბამ“ მალევე გაითქვა სახელი, ჩინური ინდუსტრიალიზაციის ფონზე ათასობით კომპანიას ეძლეოდა შანსი, სალიცენზიო პროცედურების გავლის შემდგომ, საკუთარი პროდუქცია საიტებზე განეთავსებინა და ისე მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში მას ბიზნესჯგუფი კომპანია „ალიფეის“ აარსებს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი ჩინეთში მცირე ხანს უცხოვრია, აუცილებლად ექნებოდა შეხება „ალიფეისთან“. ის მულტიფუნქციური აპლიკაციაა, რომელიც ელექტრონული საფულის ფუნქციას ასრულებს და მისი მეშვეობით ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი – თვითმფრინავის ბილეთით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. „ალიფეის“ დაარსებასთან ერთად ჯეკი კიდევ ერთ გიგანტურ კომპანიას –

„淘宝-თაო პაოს“- აარსებს. ვებსაიტზე შესაძლებელია უამრავი რაოდენობის ნივთის შეძენა და ის პოპულარულია არა მხოლოდ აზიაში, არამედ თითქმის ყველა კონტინენტზე და ყოველდღიურად ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს.  „ალიბაბა ჯგუფი“ ჩინეთის  ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ იქცა, რომელიც აერთიანებდა როგორც B2B, ასევე C2C & B2C პრინციპებს. Forbes-ის რეიტინგით, მისი დამფუძნებელი ჯეკ მა კი 48,4 მილიარდის მფლობელია.

ქარიზმატული სპიკერის უზარმაზარი ფანკლუბი

მსოფლიოში ბევრი მილიარდერია, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. თუმცა ქარიზმატული ჯეკ მა სულაც არ არის მათ რიგებში. ჯეკმა საკუთარი უჩვეულო საჯაროობით ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში მიიქცია ყურადღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც;

  • 2004 წელს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ჯეკ მას ტოპ-10 ადამიანს შორის აჯილდოებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით ეკონომიკური აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი.
  • 2005 წელს „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ჯეკს „ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად“ ირჩევს
  • 2014 წელს Forbes-ის რეიტინგით ჯეკი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 30 პერსონას შორის შედის.
  • 2015 წელს მა „Asia Reward”-ისგან წლის მეწარმის ჯილდოს იღებს.

წლების განმავლობაში ჯეკ მას ბიზნესპროდუქტი ჩინურ ბაზარზე პროდუქციის შეძენასა და ელექტრონულ შესყიდვებს ამარტივებდა, 2021 წლისთვის მილიარდნახევრიან ბაზარზე ფაქტობრივად ვერ შეხვდებით ვერც ერთ მაღაზიას, კაფეს ან დაწესებულებას, რომელიც გადახდის ერთ-ერთ ფორმად „ალიფეის“ არ იყენებს, მეტიც, „ალიფეის“ QR კოდებს უკვე შეხვდებით პლანეტის სხვადასხვა წერტილში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, სადაც ჩინური ტურისტული ნაკადები უწყვეტად მიედინება. ამ ყველაფრის გამო ჩინეთის ხელისუფლება „ალიბაბა ჯგუფის“ გაფართოებით დაინტერესებული იყო და ჯეკ მას საკუთარი ბიზნესსაქმიანობის მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ წარმართვა შეეძლო. ამასთან ერთად ჯეკი საკუთარი ქარიზმატული ბუნებისა და შთამაგონებელი გამოსვლების გამო გლობალური ბიზნესფორუმების, ტელევიზიების, ტოპ-უნივერსიტეტების სასურველი სტუმარი გახდა. და მაინც, რა აინტერესებდათ ახალგაზრდებს მისგან?

მთავარი ხიბლი, რაც ჯეკის შთამაგონებელ გამოსვლებს ჰქონდა, დაკავშირებული იყო მისი დაცემებისა და წამოდგომის ისტორიებთან.

ამბები იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდებში, თუ რამდენჯერ არ მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტმა და ა.შ. ერთგვარ მასტიმულირებელ საშუალებად იქცა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე. ჯეკ მას ქარიზმატული პიროვნება პირდაპირ ჯდებოდა ჩინეთის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გაცხადებულ გრანდ-სტრატეგიაში „ჩინური ოცნების“ შესახებ. ჯეკი სახე იყო 21-ე საუკუნის ჩინეთისა, რომელმაც ფული არა ნავთობიდან ან პოსტსაბჭოთა ოლიგარქების მსგავსად სსრკ-ის ნგრევის შედეგად კორუფციული პრივატიზაციიდან,  არამედ ინოვაციებიდან და ტექნოლოგიებიდან იშოვა. ჯეკის გამოსვლები თანხვდენაში მოდიოდა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ან ზოგადად ჩინური რბილი ძალის კონცეფციასთან, რადგან მა ყოველთვის ცდილობდა, კონკურენცია არა ე.წ. „ველური კაპიტალიზმის“ ჭრილიდან აღეწერა, არამედ ჯანსაღი შეჯიბრებითობისა და ბალანსის პოზიციიდან. ამასთან ერთად, ჯეკ მა მხოლოდ კარგი სპიკერი და ფილანთროპი არ იყო, მას საკმაოდ მჭიდრო  კავშირები ჰქონდა როგორც ჩინეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ასევე პირადი ნაცნობობა აკავშირებდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან, სწორედ ეს გავლენები აძლევდა შანსს, ეთქვა ის, რასაც სხვები ვერ ამბობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ხედვები გასცდა სახიფათო ზღვრებს.

ჩინური გაკვეთილები ანუ „თავმჯდომარის მოთმინებასაც აქვს საზღვარი“

2012 წელს ჩინეთში ხელისუფლება შეიცვალა და ძალაუფლება სი ძინპინმა აიღო ხელში. განსხვავებით დასავლური სამყაროსგან, იქაური პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ფარავს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს, რომლებიც  არცთუ ისე იშვიათად ხდება სხვადასხვა ფრაქციას შორის. ახალმა გენერალურმა მდივანმა 2013 წელს ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო, რომლის მიხედვითაც კანონის წინაშე პასუხს ყველა აგებდა – „ვეფხვებიც და ბუზებიც“. ბრძოლა „ვეფხვებისა და ბუზების“ წინააღმდეგ ზოგ შემთხვევაში ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც. რა თქმა უნდა, რთულია იმის მტკიცება, თუ რამდენად არის პირდაპირ კავშირში ჯეკ მას და „ალიბაბას“ შემთხვევა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან, თუმცა ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ჯეკ მას პრობლემები სწორედ მის საჯარო გამოსვლებს უკავშირდება.

2019 წელს ჯეკი „ალიბაბა ჯგუფის“ CEO-ს თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მას საჯარო აქტივობები არ შეუწყვეტია. მეტიც, ის ხშირად ესწრებოდა ფორუმებს, სტუმრობდა ტელევიზიებში და ა.შ.  ამ ყველაფერში თითქოს გასაკვირი არაფერია, თუმცა შანხაის 2020 წლის ფორუმმა ყველაფერი შეცვალა.

ფორუმზე ჯეკ მა  „ალიბაბას“ ყოფილი ხელმძღვანელის რანგში წარდგა მონაწილეთა  წინაშე და საუბრის დასაწყისში ახსენა, რომ ეს სტატუსი მას თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას აძლევდა. რამდენიმე წინადადების შემდგომ ჯეკი პირდაპირ კრიტიკაზე გადავიდა – კრიტიკაზე, რომელიც მსოფლიო ფინანსური სისტემის ყავლგასულობასა და ამასთან ერთად ჩინეთში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მამ თავდაპირველად ამერიკისა და ევროპული ფინანსური სისტემების კრიტიკით დაიწყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად იქვე დასძინა, რომ ჩინეთის ფინანსურ სისტემას ვერ გააკრიტიკებდა მხოლოდ იმიტომ,  რომ ქვეყანას სისტემა, როგორც ასეთი, არა აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფორუმს ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ესწრებოდა, მათ შორის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი ვანგ ციშანიც.  ამის შემდგომ ჯეკი ე.წ. “Bassel Accord”-ის კრიტიკაზე გადავიდა, ის მოძველებულად და მოხუცი კაცების კლუბად მონათლა, რომელიც ვერანაირად ვერ ერგებოდა 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ფინანსური სისტემების კრიტიკის შემდგომ ჯეკ მა ქვეყნის მმართველის, კომპარტიის გენერალური მდივნის სი ძინპინის პერსონალურ ხსენებაზე გადავიდა და მისი ციტატა მოიშველია: „ თავმჯდომარე სიმ ერთხელ თქვა: წარმატება ჩემგან არ მოდის“ ხოლო შემდგომ ინოვაციების აუცილებლობაზე გადაიტანა აქცენტი. ერთი შეხედვით, რა მოხდა, თუ მილიარდერი სპიკერი საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელს გამოსვლისას ახსენებს?! დასავლურ საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაში სრულიად უჩვეულო, თანაც ჯეკის კონტექსტი სის მიმართ სავსებით გასაგები იყო. ამის შემდგომ ჯეკ მა მენეჯმენტისა (ჩინურად guan) და სუპერვაიზინგის (ჩინურად jian) კრიტიკაზე გადავიდა, სადაც მან ჩინეთის ფინანსური რეგულატორები გააკრიტიკა და ინოვაციებისადმი ერთგვარ შემაფერხებელ ფაქტორად მოიხსენია. საუბრის ბოლოსკენ ჯეკი საბანკო სისტემებსაც გადასწვდა და თანამედროვე სისტემა ძველმოდურ ლომბარდებს შეადარა.

მთელი მსოფლიოს თვალწინ ჯეკის პირდაპირი კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, თუმცა აქ ისმის კითხვა: ნუთუ ერთმა გამოსვლამ აქცია ქვეყნის საიმიჯო პერსონა სახიფათო ელემენტად? აქ ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა. საქმე ისაა, რომ ჯეკი, გარდა ინოვაციებისა, კარგად ერკვეოდა ჩინური “კუანსის-关系”-ის ფენომენში, რომელიც ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც საჭირო კონტაქტების სოციალური სისტემა/ურთიერთობები. საინტერესოა ის, რომ ჯეკის ფინანსური პარტნიორები კომუნისტური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნები ან მათი ახლობლები იყვნენ. მათგან ყველაზე გავლენიანი ძიანგ წემინის (Jiang Zemin) შვილიშვილია, რომელიც “Ant Group”-ის ერთ-ერთი ინვესტორია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯეკ მას წინააღმდეგ მიმართული კამპანია ერთგვარი პასუხი იყო ძიანგ წემინის პოლიტიკური ფრაქციისადმი, რომელიც არცთუ ისე ჰარმონიულ ურთიერთობაშია ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ხელისუფლების პასუხი

2020 წლის 24 ოქტომბრის შემდგომ „ალიბაბა ჯგუფის“ ჰოლდინგში შემავალ “Ant group”-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მონოპოლიის მიმართულებით. სახელმწიფო რეგულატორები ხაზს უსვამდნენ ფაქტს, რომ კომპანია საბანკო სერვისების მსგავს სერვისებს აწვდიდა მომხმარებლებს, თუმცა არ რეგულირდებოდა ისე, როგორც სხვა ბანკები. სახელმწიფო მედია საგამოძიებო მოქმედებას სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვით ხსნიდა და ასევე ხაზს უსვამდა მონოპოლისტური საქმიანობის საფრთხეს საზოგადოებისთვის. ერთი შეხედვით, ფინანსურ ორგანიზაციაში საგამოძიებო მოქმედებები არავისთვისაა უცხო, თუმცა ის, რაც ჯეკ მას შეემთხვა, ნამდვილად მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის სამი თვის განმავლობაში გაქრა საჯარო სივრციდან და მხოლოდ 2021 წლის იანვარში გამოჩნდა მცირე ვიდეომიმართვით,  სადაც სოფლად სიღარიბის აღმოფხვრაზე საუბრობდა. ჯეკ მას სამთვიანი გაუჩინარება შოკი იყო საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, და  მით უფრო, – გარეთ. ზუსტად არავინ იცის, სად იყო და რას საქმიანობდა სამი თვის განმავლობაში აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, თუმცა ფაქტია, რომ ეს საჩვენებელი გაკვეთილი იყო ყველასთვის.

ჯეკ მას შემთხვევა მკაფიო სიგნალი გახდა ყველასთვის, რომ არა აქვს მნიშვნელობა,  თუ ვინ გადაკვეთს წითელ ხაზებს, „ბუზები თუ ვეფხვები“. ხელისუფლება არ შეეგუება ე.წ. “mian zi- საზოგადოებრივი იმიჯის” საჯარო შელახვას, ვისგანაც არ უნდა იყოს ის, ჯეკ მასგან თუ ნებისმიერი სხვა ცნობილი პირისგან. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გეგმები აქვს „ალიბაბა ჯგუფის“ დამფუძნებელს. ერთი რამ კი ყველასთვის ცხადია:  ჯეკ მას შეეზღუდა საჯარო აქტივობა და არავინ იცის, რა ვადით.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin