"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა კომპანია “FedEx“?
კომპანია “FedEx“ საფოსტო მომსახურების და გზავნილების სფეროში მსოფლიოში მეორე ადგილზეა შამოსავლების მიხედვით. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 70 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ “United Parcel Service“-ს (UPS) ჩამორჩა, რომელმაც 72 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. “FedEx“-ის აქტივები 54 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 75 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 400 000 ადამიანი.
კომპანია “Federal Express“ 1971 წელს, არკანზასის შტატის, ქალაქ ლითლ როქში დააარსა ამერიკელმა ბიზნესმენმა ფრედერიკ სმიტმა. კომპანიის დაარსების დროს სმიტი 28 წლის იყო და იელის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა. მან “Federal Express“-ის იდეა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შეიმუშავა. მთავარი იდეა იყო, შექმნილიყო გზავნილების სწრაფი გადატანის მომსახურება. უნივერსიტეტის პროფესორებისგან მისმა იდეამ მოწონება ვერ დაიმსახურა, მაგრამ სმიტი იმდენად დარწმუნებული იყო იდეის წარმატებაში, რომ მისი განხორციელება დაიწყო.
ფრედერიკ სმიტს, იდეის განხორციელებაში მემკვიდრეობით მიღებული 4 მლნ დოლარი დაეხმარა. 1973 წელს კომპანიის სათაო ოფისი მის მშობლიურ ქალაქში მემფისში გადმოიტანა, აეროპორტთან ახლოს, სადაც დღემდეა განთავსებული. თავიდან “Federal Express“-მა ოპერირება ამერიკის 25 ქალაქში დაიწყო. მის მომსახურებაში 14 მცირე ზომის თვითმფრინავი და 389 ადამიანი იყო. პატარა თვითმფრინავები სხვადასხვა ქალაქების აეროპორტებში აგროვებდნენ გზავნილებს და მემფისისში მიჰქონდათ, სადაც მათი სწრაფი დახარისხება და გაგზავნა ხდებოდა.
პირველ წლებში კომპანიას სისტემის აწყობის დიდი ხარჯები ჰქონდა, რასაც ემატებოდა რეკლამაზე გაწეული საკმაოდ დიდი დანახარჯებიც. დაარსებიდან 2.5 წელიწადში კომპანიამ 29 მლნ დოლარი იზარალა, მაგრამ 1975 წელს უკვე მოგებაზე გავიდა. 1976 წელს დღეში 19 ათას ამანათს გზავნიდა. 1977 წელს 110 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 8 მლნ შეადგინა. მისი მუდმივი კლიენტები გახდნენ დიდი ორგანიზაციები, მათ შორის “IBM“ და ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები. დაარსებიდან 6 წელიწადში კომპანია უკვე 130 ქალაქს ფარავდა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო და დიდ ქალაქებს შორის გადაზიდვებზე ბევრი კომპანია მუშაბოდა, პატარა ქალაქებში “Federal Express“ ფაქტობრივად უკონკურენტო იყო.
1978 წლიდან “Federal Express“-ს და სხვა გადამზიდ და საავიაციო კომპანიებს საავიაციო სფეროს დერეგულაცია დაეხმარა. ამავე წელს კომპანია, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე შევიდა და გაყიდული აქციების თანხით რამდენიმე ბოინგი შეიძინა. 1983 წელს კომპანიის შემოსავალმა უკვე მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 10 წლის კომპანიამ მილიარდ დოლარიან შემოსავალს ყიველგვარი შერწყმის ან სხვა კომპანიის შესყიდვის გარეშე შეძლო.
1984 წლიდან, “Federal Express“-მა ოპერირება ევროპის და აზიის ქვეყნებშიც დაიწყო. 1985 წელს უკვე 90 ქვეყანაში აწვდიდა გზავნილებს. 1988 წელს კი კონკურენტი კომპანია “Flying Tiger Line“ შეისყიდა, რომელშიც მილიარდ დოლარამდე გადაიხადა. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობამ 54 ათასს მიაღწია. აშშ-ში ღამით გადაგზავნილი ამანათების ნახევარი “Federal Express“-ზე მოდიოდა. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
1994 წლიდან კომპანიის სახელი დამოკლდა და ოფიციალუად “FedEx“ ეწოდა, თუმცა მანამდეც ძირითად ამ სახელით მოიხსენიებდნენ. 1990-იან წლებში “FedEx“-მა რამდენიმე კონკურენტი და მომსახურე კომპანია შეისყიდა. 1996 წელს კომპანიის შემოსავალმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
2000-იან წლებში “FedEx“ აგრძელებდა ახალი შვილობილი კომპანიების დაარსებას და ამასთან ერთად დიდ აეროპორტებთან ახლოს მსხვილ სადისტრიბუციო ცენტრებს აშენებდა. 2001 წელს კომპანიის გადაზიდვებს უკვე 95 ათასამდე ავტომობილი ემსახურებოდა.
2015 წელს “FedEx“-მა კიდევ ერთი კონკურენტი, ჰოლანდიური კომპანია “TNT Express“ შეისყიდა 4.8 მილიარდ დოლარად, რაც ევროპაში ოპერაციების გაფართოებაში ძალიან დაეხმარა. 2016 წელს კომპანიის შემოსავლები 50 მილიარდ დოლარს გადასცდა და რომ არა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, 2020 წელს 70 მილიარდს გადააჭარბებდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024