"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “სვაროვსკი“

როგორ გამდიდრდა “სვაროვსკი“

ყველასთვის კარგად ცნობილი ბროლის კრისტალის მწარმოებელი კომპანია “სვაროვსკის“ შემოსავალმა, 2019 წელს 4 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა. კომპანიას 170 ქვეყანაში 2 800-მდე მაღაზია აქვს და 34 500 ადამიანს ასაქმებს.

კომპანია “სვაროვსკის“ დამფუძნებელი დანიელ სვაროვსკი 1862 წელს ჩეხეთში დაიბადა. მამამისი მინის მჭრელი იყო და მცირე საწარმო ჰქონდა. დანიელი მამასთან ბავშობიდან მუშაობდა და მინის დაჭრა-დამუშავება კარგად შეისწავლა. ამ პერიოდში ჩეხეთში “ბოჰემიური მინის“ დამუშავება ძალიან აქტუალური იყო. 1892 წელს, როდესაც 20 წლის იყო მინის საჭრელი ელექტრო მანქანა ააწყო და დააპატენტა. აღნიშნულმა მანქანამ მინის კრისტალების დამუშავება მნიშვნელოვნად გაამარტივა.

1895 წელს დანიელ სვაროვსკიმ, ფინანსისტმა არმანდ კოსმანმა და მათმა მეგობარმა, ფრანც ვეისმა კომპანია “სვაროვსკი“ დაარსეს, თუმცა კომპანიას თავიდან “KS & Co“ ერქვა. კრისტალების საჭრელი პირველი საწარმო ავსტრიაში, ქალაქ ვატენსში გახსნეს, სადაც დღემდეა განთავსებული კომპანიის სათაო ოფისი. დანიელ სვაროვსკის მთვარი მიზანი იყო “ბრილიანტი ყველასთვის“. უბრალო ბროლისგან ისეთი ბრწყინავი კრისტალები უნდა მიეღოთ, რაც ნამდვილ ბრილიანტს შეედრებოდა.

მინის დამუშავების მექანიზაციამ, სვაროვსკის კომპანიას დიდი უპირატესობა შეუქმნა, შეეძლო ბევრი რაოდენობის სწრაფად და ხარისხიანად დაემუშავებინა. იღებდა ბევრ შეკვეთებს და შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები იზრდებოდა. 1900 წელს კომპანიას, “სვაროვსკი“ დაარქვეს და უკვე 200 კაცს ასაქმებდა მინის დამუშავებაზე.

1911 წლიდან ბიზნესში დანიელის შვილი, ვილჰელმ სვაროვსკიც ჩაერთო, რომელიც სიახლეების შემოტანით და ტექნოლოგიების დახვეწით გამოირჩეოდა. მამა-შვილმა იმდენად დახვეწეს ბროლის დამუშავების ტექნოლოგია, რომ ხარისხით ვერავინ უწევდათ კონკურენციას. ასეთი გამჭვირვალე, მბზინვარე ბროლი, ბაზარზე სხვას ვერავის შემოჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, კომპანია გაკოტრების ზღვარზე იყო, რადგან მის სამკაულზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. გაკოტრებას მინის დამამუშავებლი დაზგების და ინსტრუმენტების წარმოებამ და გაყიდვამ გადაარჩინა.

დროთაგანმავლობაში “სვაროვსკის“ პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მდიდარი ადამიანებიც კი არ თაკილობდნენ ბროლის ბიჟუტერიის გამოყენებას. მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო სამოდელო სახლების მიერ “სვაროვსკის“ პროდუქციის გამოყენება, მათ შორის, “შანელის“ და “კრისტიან დიორის“ მიერ.

მეორე მსოფლიო ომის დროს სვაროვსკები ნაცისტურ პარტიასთან იყვნენ დაახლოებული და ომის დროს მათ წარმოებას პრობლემები არ შექმნია, პირიქით უფრო მეტი პროდუქციის წარმოება დაიწყეს. ომის დასრულების შემდეგ დასჯას გადაურჩნენ, მაგრამ კომპანიას კომპენსაციების გადახდა დააკისრეს. სვაროვსკები, ნაცისტებთან მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდეც დაახლოებულნი იყვნენ, ამიტომ კომპანიის ვებგვერდზე, ისტორიაში 1932-1948 წლები გამოტოვებულია.

1940-იანი წლების ბოლოს კომპანიამ, აშშ-შიც დაიწყო პროდუქციის გაყიდვა. 1950-იანი წლებიდან კი მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა, რაც დანიელის შვილიშვილს, მანფრედ სვაროვსკის უკავშირდება. მან მოახერხა და ტექნოლოგიის განვითარებით ფერადი კრისტალების წარმოება დაიწყო. ფერადმა კრისტალებმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. უბრალო ბროლი გახდა ფუფუნების და სიმდიდრის სიმბოლო. დანიელ სვაროვსკის მიზანი მიიღწა: “ბრილიანტი“ გაცილებით მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანია, რომ “სვაროვსკი“ ქვების დამუშავების ტექნოლოგიას, დღემდე საიდუმლოდ ინახავს. გასული პერიოდის ჩანაწერებს და დოკუმენტებს ანადგურებს.

1970 წლებიდან, კომპანიამ სამკაულის გარდა სხვა ბროლის ნივთების გამოშვებაც დაიწყო. პირველი ასეთი სიახლე იყო ბროლის პატარა თაგვი. კომპანია დღემდე აწარმოებს ცხოველების და ფრინველების პატარა, ფერად ბროლის ნივთებს, რაც კარგად იყიდება. “სვაროვსკის“ პროდუქციის კოლექციონერებიც კი მრავლად არიან მსოფლიოში.

1989 წლიდან კომპანიის ლოგო – ყვავილი ედელვასი, დღეისათვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა გედის გამოსახულებამ შეცვალა.

კომპანიის მმართველები სულ სვაროვსკები არიან, მართვა შთამომავლობით გადადის და უკვე მეხუთე თაობა მართავს. მილიარდი დოლარის შემოსავალს 2000 წელს მიაღწიეს. დღეისათვის კი წლიურად მილიარდამდე კრისტალს აწარმოებენ. კომპანიის 100% სვაროვსკების საკუთრებაშია.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა