„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

მასლოუს ტექნოლოგიური პირამიდა

misho2

რას ემსახურება ტექნოლოგია, თუ არა ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას? იქნება ეს ისეთი საბაზისო რამ, როგორიცაა კვება, თუ რაიმე უფრო რთული, მაგალითად, სტატუსი და ინტიმურობა.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ წარმოება და, შედეგად, საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება გაამარტივა; ინტერნეტმა მიკუთვნებადობისა და კომუნიკაციის ახალი გზები მოგვცა; ახლა კი ხელოვნური ინტელექტი თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას ეჭიდება.

1943 წელს მასლოუ თავის ცნობილ პირამიდას რომ ქმნიდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა დღევანდელ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, თუმცა მისი პირამიდის დონეების მიხედვით ძალიან კარგად კატეგორიზდება ჩვენი დღევანდელი ტექხელსაწყოები.

ფიზიოლოგიური

მარტივი მოთხოვნილებებით დავიწყოთ – საკვები და თავშესაფარი. ორი ყველაზე უნივერსალური და საბაზისო მოთხოვნილება.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ საკვების მასობრივი წარმოების საშუალება მოგვცა და ურბანულ ბუმს ჩაუყარა საფუძველი.

ინტერნეტმა კი ისეთ აპლიკაციებზე მოგვცა წვდომა, როგორიცაა Glovo, Wolt-ი, Airbnb-ი და Booking.com.-ი.

ყველაფერი ტელეფონში გვაქვს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან რთულია იმის აღქმა, თუ დღეს რამდენად ხელმისაწვდომია საბაზისო საჭიროებები. სულ ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ვწუწუნებთ, თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, დღეს ცხოვრების საშუალო ხარისხი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას, სიღარიბის კი – ყველაზე დაბალზე.

საქონლის გაიაფების პარალელურად – მომსახურება ძვირდება.

ამას თავისი ახსნა აქვს – გლობალური ეკონომიკის გახსნამ, ავტომატიზაციისა და აუტსორსინგის ხარჯზე, საქონელზე ფასი შეამცირა. სერვისების ავტომატიზაცია და აუტსორსინგი კი გაცილებით რთულია. აუტანლად ნელი ბიუროკრატიული სისტემები და მოძველებული რეგულაციები ამის ერთ-ერთი მიზეზია.

თუმცა დღეს უკვე გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ამ პრობლემასაც ეჭიდავება – ხელოვნური ინტელექტი!

მაქკინზის გლობალური ინსტიტუტის თანახმად, 2030 წლისთვის ყველა ხელობის 30% ავტომატიზებული იქნება, რაც დაახლოებით 800 მილიონ სამსახურს უდრის.

კი, საშიშად ჟღერს, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ინოვაციის ბუნებაა.

ისევე როგორც პრინტერის გამოგონებამ ფაქტობრივად გააქრო მწიგნობრის პროფესია და სანაცვლოდ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა პრინტერების საწარმოებში, ასევე მოხდება ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისასაც.

აი, მაგალითად, ერთ დროს „სოციალური მედიამენეჯერის“ კარიერა ისევე წარმოუდგენელი იყო, როგორც მარსის კოლონიზაცია. დღეს კი ლეგიტიმური კარიერაა.

ასე რომ, მართალია, ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას მოსპობს, თუმცა მისი მეშვეობით ბევრი ახალი პროფესიაც შეიქმნება.

მოკლედ, კი, დიდი წინსვლა გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასავლელი.

უსაფრთხოება

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში პირადობისა და მონაცემთა ქურდობის საფრთხე რეალური გამოწვევაა.

იცით, თუნდაც ამ სტატიის კითხვისას თქვენზე რამდენი ინფორმაცია გროვდება?

თქვენი IP-მისამართი, ლოკაცია, მოწყობილობა, ინტერნეტის სიჩქარე და ა.შ (Cookies).

ინტერნეტის მოხმარება ამ ინფორმაციის შეგროვების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი თავის დაცვა.

ამ მიზეზის გამო ბოლო ათწლეულებში კიბერუსაფრთხოების ისეთი კომპანიები შეიქმნა, როგორიცაა CrowdStrike-ი და Wiz-ი, ასევე ისეთი ტექნოლოგიებიც, როგორიცაა ბლოკჩეინი.

ფიზიკურ უსაფრთხოებას რაც შეეხება, თანამედროვე თავდაცვის ტექნოლოგიების მეშვეობით დღეს ჩვენ უპრეცედენტოდ დაცულ და უსაფრთხო სამყაროში ვცხოვრობთ – კამერები, ტრეკინგ-დივაისები, ციფრული ანაბეჭდები და ა.შ.

კი, ვიწრო თვალსაზრისით, შეიძლება ცოტა სკეპტიკურად განვეწყოთ ამ განაცხადისადმი. აგერ, რუსეთმა უკრაინას შეუტია, რანაირად ვცხოვრობთ უსაფრთხო სამყაროში?

მაგრამ უსაფრთხოება ხომ ფარდობითი ცნებაა.

ტოტალური უსაფრთხოება არ არსებობს, ფარდობითად კი დღეს გაცილებით უსაფრთხოა ინდივიდუალური ადამიანის ცხოვრება, ვიდრე 100 წლის წინ იყო.

სოციალური

იცოდით, რომ დღეს ამერიკაში წყვილების დაახლოებით 55% ონლაინ იცნობს ერთმანეთს?

2017 წლის ეს მაჩვენებელი 37%-ს უდრიდა. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პროცენტი დღესაც გაცილებით მეტია, უბრალოდ ონლაინ გაცნობისადმი ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები და ამიტომ ყველა ღიად არ აცხადებს ხოლმე ამას.

ჩვენი სანაცნობო წრე ადრე გეოგრაფიით იყო შემოფარგლული; ახლა წამებში 5.2 მილიარდ ინტერნეტის მომხმარებელზე მიგვიწვდება ხელი.

ტექნოლოგიური კომპანიებიც თავიანთი ალგორითმების ოპტიმიზებას ამაზე გათვლით ახდენენ. მაგალითად, TikTok-ი და Instagram-ი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ უცხო ადამიანების კონტენტის ჩვენებაზე, ვიდრე თქვენი კავშირების.

სექსუალურ და ინტიმურ მოთხოვნილებებს რაც შეეხება, აქ უფასო და ფაქტობრივად ულიმიტო პორნოსაიტები მეფობენ. ამას გარდა ისეთი საიტები, როგორიცაა, მაგალითად, OnlyFans-ი ფაქტობრივად სექსუალური ცხოვრების იმიტაციას ყიდის და ხალხი ამაში დიდ ფულსაც იხდის.

ერთი სასაცილო მაგალითია FeetFinder-ი, სადაც ქალები (ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ) თავიანთი ფეხების სურათებს ყიდიან.

არ ვხუმრობ, მართლა იყიდება.

დაბოლოს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად, ციფრული შეყვარებულის კონცეფცია ახალ დონეებს აღწევს. მაგალითად, სტარტაპი Replika რომელიც თავს ასახელებს, როგორც „მსოფლიოს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მეგობარს“, თუმცა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბევრი მომხმარებელი Replika-ს ეროტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიმართავს.

დაფასება

სტატუსისა და აღიარების მოთხოვნილებაზე პირველი LinkedIn-ი მახსენდება, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მთავარი სოციალური პლატფორმაა და აქტიურად ვქმნი მასზე ქონთენთს.

ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც LinkedIn-ი ახალი გაშვებული იყო, დამფუძნებლებმა თავიანთ მომხმარებლებში ერთი კურიოზული ქცევა შეამჩნიეს: მომხმარებლები ყველაზე ხშირად თავიანთ პროფილს სტუმრობდნენ.

გამომწერები, მოწონებები, პროფილის ნახვები – ფაქტობრივად, აღიარების საზომი ერთეულებია, რომლებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თან არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ მედიას ვიყენებთ და რა კონტენტს ვქმნით, იქნება ეს Instagram-ზე დადებული შვებულების ფოტოები, Twitter-ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური სატირა თუ TikTok-ის ცეკვის ვიდეო.

სოციალურმა მედიებმა საშუალება მოგვცეს, უფრო დიდი აუდიტორიისთვის მიგვეწვდინა ხმა და სანაცვლოდ აღიარება მოგვეპოვებინა, მაშინ როდესაც ინტერნეტის ეპოქამდე ადამიანის სოციალური გარემო მხოლოდ მისი ვიწრო ფიზიკური წრით შემოიფარგლებოდა (მეზობლები, ოჯახის წევრები, კლასელები, კურსელები და ა.შ).

ზოგადად რაც კი მიღწევის შეგრძნებას გვაძლევს, თვითშეფასებას გვიმაღლებს. ზუსტად ამას ემსახურება სოცმედიაზე კონტენტის შექმნა, თუმცა ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა, მაგალითად, Duolingo, მსგავსი პრინციპით მუშაობენ – გამოყენებისთვის გაჯილდოებენ, იქნება ეს პრემიუმ-ბეიჯები, შეჯიბრები, რეკორდები, ქულები თუ სხვა რამ.

ზოგადად საუკეთესო აპლიკაციებს ესმით, რომ ადამიანების აღიარების შინაგანი მოთხოვნილებებით თამაში – განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან – მომხმარებლების ჩართულობისა და შენარჩუნების საუკეთესო გზაა.

თვითრეალიზაცია

კი, ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Coursera, Guild Education-ი და Outlier-ი, ნამდვილად ადამიანის თვითრეალიზაციასა და თვითგანვითარების მოთხოვნილებას ემსახურება, თუმცა ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, პირველი, რაც თვითრეალიზაციაზე მახსენდება, არის – მარკეტინგი და ბრენდი.

ცოტა არაინტუიციურად ჟღერს, მაგრამ ახლავე ავხსნი თიბისი ბანკის მაგალითზე.

ძირითადად ორი ტიპის რეკლამა არსებობს: პროდუქტის მახასიათებლებზე ორიენტირებული და ბრენდზე ორიენტირებული.

მახასიათებლებზე ორიენტირებული რეკლამები ინფორმაციულია, გვიყვება პროდუქტის ფუნქციებზე, გამოყენებებსა და სხვა დეტალებზე. მაგალითად, თიბისი ბანკის ციფრული ბანკის ეს რეკლამა – https://www.youtube.com/watch?v=d-NhWgCQS6s

ბრენდის რეკლამის მიზანი კი არის, რომ თქვენ გარკვეულწილად გაგრძნობინოთ თავი. საუკეთესო ბრენდის რეკლამა ეხება თვითრეალიზაციას – იმას, თუ როგორ გვინდა, დავინახოთ საკუთარი თავი.

მაგალითად თიბისი დაზღვევის ეს რეკლამა – https://www.youtube.com/watch?v=2aJ33ZvNnwE

ის არაფერს გვეუბნება დაზღვევის პირობებზე, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ პირველზე გაცილებით უფრო ძლიერი რეკლამაა.

რატომ?

იმიტომ რომ ის ჩვენს ფუნდამენტურ მოთხოვნილებებსა და სურვილებზე თამაშობს, კონკრეტულად – ამბიციაზე, სიმშვიდეზე, ფინანსური სტაბილურობასა და შესაძლებლობებზე.

მსგავს მარკეტინგს მიმართავენ ისეთი დიდი ბრენდებიც. მაგალითად, Coca Cola-ზე საახალწლო დღესასწაული და მაგიური ბედნიერება გვახსენდება, Nike-ზე ათლეტები და სპორტული ცხოვრება და Rolex-ზე – სიმდიდრე და სტატუსი.

აი, Rolex-ი ვახსენეთ და ზოგადად ფუფუნების საგნების ინდუსტრია ძალიან საინტერესოა. დაფიქრდით, ფუფუნების საგნები განმარტებისთანავე არაარსებით მოთხოვნილებებს ემსახურება, მაგრამ არსებით საგნებზე წარმოუდგენლად ძვირი ღირს. რატომ? იმიტომ, რომ, მაგალითად, Rolex-ის ყიდვისას უბრალოდ საათს კი არ ყიდულობ, არამედ სტატუსს და ხედვას იმისა, თუ ვინ შეგიძლია, იყო.

მართლა რომ დავფიქრდეთ, ლუი ვიტონის ჩემოდანი მართლაც უფრო პრაქტიკულია, ვიდრე სამსონიტი? არა, მაგრამ სამაგიეროდ ლუი ვიტონის ჩემოდანი თუ გიჭირავს, თან ამბობ: „ნახე, რა მდიდარი ვარ, 3400-დოლარიანი ჩანთა მიჭირავს“. ეს საკუთარი თავის უმაღლესი იდეალის კომუნიკაციასავითაა.

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგი ათწლეულებია, მასლოუს პირამიდის მწვერვალზე დგას, AI-ის განვითარებასთან ერთად თვითრეალიზაციის დაკმაყოფილების გზაც იცვლება. მასლოუ განსაზღვრავს თვითრეალიზაციას როგორც „პიროვნების სრული პოტენციალის მიღწევას“. მე ვიტყოდი, რომ ხელოვნური ინტელექტის დაპირებაც ზუსტად ესაა: AI მოქმედებს როგორც ძრავა, რომელიც აძლიერებს ადამიანის ცოდნას და ადამიანის შემოქმედებას.

რაც უფრო ფართოდ მიიღება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მეტი ადამიანი ხდება უკეთესი მწერალი, მოაზროვნე და მხატვარი.

გრძელი გზა გამოვიარეთ

მასლოუმ თავისი იერარქია რომ შექმნა, პირველი კომპიუტერები ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი, სილიკონის ჩიპის შემქმნელები ჯერ კიდევ კოლეჯში იყვნენ და ინტერნეტის შექმნამდე ჯერ კიდევ 55 წელი იყო დარჩენილი.

მასლოუს ვერ წარმოედგინა ტექნოლოგიური ინოვაციების აფეთქება და შემდგომი მეწარმეობა, რომელიც გაჩნდებოდა მისი პირამიდის ყველა საჭიროებაზე. კაცობრიობის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების 99%-სვხარჯავდით იმდენი საკვების შეგროვებაზე, რომ გადავრჩენილიყავით და თავიდან აგვეცილებინა პოტენციური მტაცებლები.

მხოლოდ შედარებით ცოტა ხნის წინ შევძელით ჩვენი ყურადღების მიქცევა ნაკლებად ფუნდამენტურ მოთხოვნილებებზე – და, როგორც ტექნოლოგია აჩქარებს, ჩვენ უფრო და უფრო მაღლა ვწევთ პირამიდას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ ნაკლებად საბაზისო, უფრო მაღალი აზროვნების მიზნებზე.

გააზიარე