"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რას ზეიმობს პუტინი 9 მაისს?!

Forbes-WEB-22050906

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ – ბევრს ვერაფერს! აღლუმზე გამოდის 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი, დაფრინავს სტრატეგიული ბომბდამშენები, გამანადგურებლები, ზებგერითი თვითმფრინავები და თვით პუტინის „განკითხვის დღისთვის“ შექმნილი პუტინის საჰაერო-სამართავი ხომალდი; წითელ მოედანზე „გამოაგორეს“ საჩვენებელი ტანკები (ბედის „უკუღმართობით“ 9 მაისამდე ორი დღით ადრე რუსეთის სიამაყე, ყველაზე თანამედროვე ტ-90  ჯართად აქციეს უკრაინელებმა), ჯავშანტექნიკა, საზენიტო დანადგარები და, რა თქმა უნდა, სარაკეტო არსენალი.

ასე იყო წინა წლებშიც. პუტინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 9 მაისს. ყველაზე ნაკლებად მას ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილე ომის ვეტერანების დარდი და ინტერესი აქვს. ისინი რა ხანია, ერთი დიდი, ყოველწლიური პროპაგანდისტული აქციის ანტურაჟად იქცნენ (თანაც მათი რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება). პუტინი ამ დღეს დიდი ხანია, იყენებს დასავლეთის მისამართით მუქარანარევი გზავნილების გასახმოვანებლად. უკრაინაში წარუმატებელი ომის გათვალისწინებით, წლევანდელ 9 მაისს კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პუტინის პროპაგანდისტულ დღის წესრიგში.

ეს ბლოგი ევროპის დროით ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 8 მაისს დაიწერა, ამიტომაც აქ გამოთქმული ვარაუდები და მოსაზრებები მხოლოდ ყველაზე უმადური და სარისკო საქმის – პროგნოზების ნაწილია. თუმცა არცთუ ისე რთული გამოსაცნობია, რომ პუტინი 9 მაისს კიდევ ერთხელ იტყვის, რომ რუსეთს ებრძვის არა უკრაინა, არამედ ნატო, აშშ და კრებსითი დასავლეთი (ალბათ არც იაპონიას დატოვებს ყურადღების მიღმა – მისი პრემიერის და კიდევ 63 ადამიანისთვის გასულ კვირაში ძალიან „სამწუხარო“ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა – ამიერიდან ისინი ვეღარ ჩავლენ ვერც ალმოკიდებულ ნოვოსიბირსკში და ვერც რეჟიმის დედაქალაქ მოსკოვში); აგრეთვე, არ არის რთული გამოსაცნობი, რომ პუტინი ისაუბრებს უკრაინაში „მიღწეული წარმატებების“ შესახებ. როგორც ამბობენ, ის აპირებს მარიუპოლის ოკუპირებულ ნაწილში აღლუმის ჩატარებას, რომელიც ალბათ გადაიცემა პუტინის გამოსვლასთან პარალელურ რეჟიმში და ამ კადრების ფონზე პუტინი გამოაცხადებს, რომ მისია შეასრულა, მოახდინა უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. აჩვენებენ ალბათ უკრაინის დაბომბილ სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას, მაგრამ კოლაჟში არ მოხვდება დაბომბილი სკოლები, კულტურის სახლები, საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ძეგლები (რომლებიც ფაშიზმთან ომის დროსაც კი არ დაზიანებულა). ვარაუდობენ, რომ მარიუპოლში შეიძლება გაატარონ უკრაინელი ტყვეები და გამოაცხადონ, რომ ეს არის ლეგენდარული „აზოვის“ პოლკისა და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის „ნარჩენები“.რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა ამ დღეებში უკვე რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია,  რომ მარიუპოლის დამცველები თეთრი ბაირაღებით გამოვიდნენ და რუს სამხედროებს ჩაჰბარდნენ. თეთრი ბაირაღები მართლაც იქნა გამოყენებული – ისე როგორც ხდება ხოლმე ასეთ ვითარებაში მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის დროს. სინამდვილეში „აზოვის“ პოლკი, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები უკვე გამარჯვებულები არიან.

როგორც გითხარით, პუტინი აუცილებლად იტყვის, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმართული იყო არა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ დასავლეთის დასამარცხებლად, რომელიც ცდილობს, შეაჩეროს რუსეთის განვითარება (იუმორის უქონლობას აშკარად არ უჩივიან რუსი პროპაგანდისტები – რუსეთი და განვითარება ორი არათავსებადი ცნებაა). თავისუფალი სამყარო მართლაც დგას უკრაინის მხარეს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. ყოველსაათობრივ  რეჟიმში ჩადის სამხედრო დახმარება აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან,  გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან და ავსტრალიიდან. ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისითაც, უკრაინა მართლაც იღებს უპრეცედენტო დახმარებას ამ დღეებში, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არავინ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, არავის დაუბომბავს რუსეთის ქალაქებში საცხოვრებელი კომპლექსები და საავადმყოფოები. სწორედ რუსეთია აგრესორი ქვეყანა (რომელიც მალე აშშ-ში შეიძლება ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადდეს), სწორედ რუსეთია და პუტინი, რომლის პირადი ბრძანებით (გამოძიებით ასე დგინდება) აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, კლავდნენ და ხვრეტდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს; სწორედ რუსეთის მოლაპარაკე პირები საუბრობენ, რომ დამპყრობლური ომი უნდა შეჩერდეს, სავარაუდოდ, პოლონეთის საზღვარზე (საკუთარი საზღვრების გამაგრებაზე იფიქრეთ, რუსებო, ჯობია); სწორედ რუსების პირველი დიპლომატია, ვინც  ზელენსკი ჰიტლერს შეადარა, ყველაზე გაშმაგებულ ანტისემიტებად თავად ებრაელები მონათლა და, ბოლოს, ისრაელი ნეონაცისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. პირველად „ვუწონებ“ ლავროვს გადმოფრქვეულ სიბრძნეებს – სწორედ მისი განცხადებების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ამ გამონათქვამების გამო ბოდიში მოუხადა  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს, ისრაელის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. აფერუმ შენს გამჭრიახობას, ლავროვ!

ახლა კი მთავარი – გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას და დაარქმევს თუ არა საბოლოოდ თავის სახელს ომს, რომელიც მან 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო?

ექსპერტული წრეების ნაწილზე დაყრდნობით, სამხედრო „ისტებლიშმენტი“ ლობირებს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას. მათ ასევე აქვთ არგუმენტად, რომ მსოფლიოში „სიძლიერით მეორე“ არმია ებრძვის არა უკრაინელებს, არამედ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს სამხედრო პოტენციალს. ცდუნება მართლაც დიდი ექნება პუტინს, რომ კიდევ 200-300 ათასი კაცი გადაისროლოს უკრაინაში და მასით დაჯაბნოს უკრაინის ისედაც მასზე მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალები. თუმცა ცდუნებასთან ერთად რისკიც ძალიან დიდია. რუსეთის რეგულარული თუ დაქირავებული მებრძოლების მსგავსად, რომელთაც ასევე ძალიან დაქვეითებული აქვთ მოტივაცია, იძულებით მობილიზებულების საბრძოლო სულისკვეთება საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლებს. მეტიც, მათი და მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილებამ შეიძლება ძალიან სახიფათო ხასიათი მიიღოს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ყოველდღიურად ძალიან სერიოზულად ზიანდება და ასიათასობით რუსი კარგავს სამსახურს საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო.

გავრისკავ და ვიტყვი, რომ პუტინი მაინც შეიკავებს თავს ომისთვის ომის დარქმევისა და, შესაბამისად, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისგან. მით უმეტეს, რომ პუტინის რუსეთში შესაძლებელია, გატარდეს ფარული მობილიზაცია, ნაცვლად საყოველთაოსი. სავარაუდოდ, მან ძალიან კარგად იცის, რომ გაუარესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს იძულების წესით ასიათასობით რუსი მამაკაცის ჯარში გაწვევა, ომში გარდატეხა კი მაინც ვერ მოხდება, უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება შორიდანაც კარგად ჩანს და ადგილზე საუბრებში ხომ საერთოდ ეჭვი არავის შეგეპარებათ მათ საბოლოო გამარჯვებაში. შესაბამისად, პუტინს უნდა ერჩივნოს, ისევ ტყუილებით გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვითაა და რომ რუსეთი წარმატებულად ახორციელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. თუმცა ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო – შეიძლება სულ გააცამტვეროს თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი ჩემი პროგნოზები ვლადიმირ პუტინმა 🙂. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ გამიხარდება – მისი პოლიტიკური და შეიძლება ფიზიკური აღსასრული დაჩქარდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!

გააზიარე