"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა Temu?

Temu მსხვილ ჩინურ კომპანია PDD Holdings-ს (Pinduoduo) ეკუთვნის, რომელმაც 2024 წელს 71 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 14 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი აქტივები – 49 მილიარდი დოლარი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 170 მილიარდი დოლარია. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 18 ათასამდე ადამიანი.
კომპანია Pinduoduo 2015 წელს დააარსა 35 წლის ჩინელმა ბიზნესმენმა კოლინ ჰუანგმა. ამჟამად ჰუანგის ქონება 43 მილიარდი დოლარია და ის ჩინეთში სიმდიდრით მე-4 ადგილს იკავებს. 2024 წლის ზაფხულში ჩინეთის უმდიდრეს ადამიანებში პირველ ადგილსაც იკავებდა. მან განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში მიიღო, ბაკალავრის ხარისხი – ჩინეთში, ხოლო მაგისტრის აშშ-ში, ვისკონსინის უნივერსიტეტში მიიღო.
Pinduoduo თავიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ონლაინგაყიდვებზე მუშაობდა. ბიზნესი წარმატებული გამოდგა და 2017 წელს უკვე 300 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. 2018 წელს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე შევიდა და აქციების გაყიდვით 1.6 მილიარდი დოლარი მოიზიდა. 2019 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ დოლარს გადასცდა. 2020-2021 წლების კოვიდპანდემია ონლაინბიზნესს, მათ შორის, Pinduoduo-ს დაეხმარა და მისი შემოსავალი 15 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
PDD Holdings-ის შვილობილი კომპანია Temu 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა აშშ-ში. თავიდანვე აქტიური რეკლამა ჰქონდა, მათ შორის, 2023 წლის დასაწყისში მისი რეკლამა ამერიკული ფეხბურთის ფინალურ მატჩზე Super Bowl-ზეც გადიოდა. Temu დაარსებიდან 5 თვეში აშშ-ში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა. ბუნებრივია, ამის მიზეზი იაფი ჩინური პროდუქციის გამოწერა იყო. ამასთან ერთად, Temu საჩუქრებს სთავაზობდა მომხმარებლებს, თუ ისინი აპლიკაციაში სხვებსაც დაარეგისტრირებდნენ.
2023 წლის მარტში Temu ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შევიდა, მომდევნო თვეებში კი – ევროპის ქვეყნებში. 2023 წლის ბოლოს – სამხრეთ ამერიკის, ხოლო 2024 წლის დასაწყისში აფრიკის ქვეყნებში გამოჩნდა.
გაშვებიდან ფაქტობრივად ერთ წელიწადში Temu-მ PDD Holdings-ის შემოსავალი 35 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
2025 წლის თებერვლის მონაცემებით Temu-ს 300 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. მხოლოდ აშშ-ში თვეში საშუალოდ 185 მილიონი მომხმარებელი იყენებს Temu-ს აპლიკაციას თვეში მინიმუმ ერთხელ. ევროკავშირში 92 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, გაერთიანებულ სამეფოში – 13 მილიონი. 2024 წლის მეორე ნახევარში Temu-ს აპლიკაციას თვეში საშუალოდ 40 მილიონჯერ ტვირთავდნენ.
Temu-ს წარმატების მთავარი მიზეზი მის აპლიკაციაში შემოთავაზებული საქონლის მრავალფეროვნება და სიიაფეა. Temu ჩინეთის ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, წარმოებული საქონელი პირდაპირ მომხმარებლებს მიაწოდონ, ანუ არ სჭირდებათ შუამავლები, რაც, როგორც წესი, საქონელს აძვირებს. როდესაც ახალი საწარმო შემოდის Temu-ს ბიზნესში, შესაძლოა, თავიდან პროდუქციას თვითღირებულებაზე იაფადაც კი აწვდიდეს. მისი მიზანია, საქონელი მომხმარებელს უფრო იაფად მიაწოდოს, ვიდრე ამას მეორე ჩინური მსხვილი კომპანია „ალიექსპრესი“ ახერხებს. როდესაც Temu-ს სხვადასხვა მიმწოდებელი ერთსა და იმავე პროდუქციას სთავაზობს, Temu ყველაზე დაბალი ფასის მქონე მიმწოდებლის შეკვეთას ათავსებს ონლაინ.
Temu-ს ფართოდ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრესიულმა სარეკლამო პოლიტიკამ, განსაკუთრებით „ფეისბუკში“ და „ინსტაგრამზე“. Temu კარგად სწავლობს მომხმარებლის პრეფერენციებს და მისი ალგორითმი მომხმარებელს სავარაუდოდ სასურველ პროდუქციას სთავაზობს.
Temu-ს მთავარი კონკურენტი დღეს „ამაზონია“. ამიტომ Temu-ს პრიორიტეტი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საწყობების გახსნაა, რომ მიწოდების ვადები და ხარჯი შეამციროს. თუმცა ზოგმა ქვეყანამ Temu-სგან ადგილობრივი წარმოების დაცვა დაიწყო. მაგალითად, ინდონეზიამ Temu-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა დაბლოკა, ვიეტნამმა საერთოდ არ მისცა უფლება, მის ტერიტორიაზე მიეწოდებინა საქონელი.
Temu-ს გამდიდრების მთავარი მიზეზი მაინც მის მიერ მიწოდებული საქონლის სიიაფეა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: პროდუქციის დაბალი თვითღირებულება, მწარმოებლის პირდაპირი კავშირი მომხმარებელთან, მასშტაბის ეფექტი – მსხვილი შეკვეთები, მინიმალური ზედნადები ხარჯები, კომპანიისა და ჩინეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული მიწოდება (Shipping), დაბალი მოგების მარჟა თითო ნივთზე და ფოკუსირება განვითარებად, აღმავალ ბაზრებზე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 7, 2025
- on მარტი 25, 2025
- on მარტი 6, 2025
- on მარტი 5, 2025
- on თებერვალი 25, 2025
- on თებერვალი 13, 2025
- on თებერვალი 12, 2025
- on იანვარი 28, 2025