"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა

ბესო2 (3)

საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 72-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2022 წლის რეიტინგი 129 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში შემავალ 129 ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 98%,  ანუ მასში მცირე, ღარიბი ქვეყნები ძირითადად არ ხვდება.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

აღნიშნული სამი ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და კორუფციის კონტროლს მოიცავს, ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხისადმი ხელმისაწვდომობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა კი საავტორო უფლებებს და პატენტების დაცვას მოიცავს.

ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.

საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში

ოქტომბერში გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 129 ქვეყნიდან 72-ე ადგილზეა 4.67 ქულით. 2021 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 67-ე ადგილზე იყო 5.33 საქართველოს ქულა 0.7-ით შემცირდა და რეიტინგში ხუთი ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ქულის შემცირება სამართლებრივმა და პოლიტიკურმა გარემომ და ფიზიკური საკუთრების დაცვის ქულების კლებამ განაპირობა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქულა უცვლელი დარჩა. თუმცა საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 3.89 ქულა და ამ კომპონენტით 129 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეკომპონენტში საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 1.90 საავტორო უფლებების დაცვაში აქვს.

2022 წელს საქართველოს ქულა შემცირდა სამართლის უზენაესობაში (0.05-ით), პოლიტიკურ სტაბილურობაში (0.75-ით) და კორუფციის კონტროლში (0.15-ით).

სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.088 ქულა აქვს და ამ კომპონენტით 129 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა. ქვეკომპონენტებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 6.2 კორუფციის კონტროლში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი – 4.25 სასამართლოს დამოუკიდებლობაში აქვს.

ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს 5.05 ქულა აქვს და ამ კომპონენტით 129 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. ქვეკომპონენტებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 6.25 ქონების დაცულობის აღქმაში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი, 4.6, – სესხის ხელმისაწვდომობაში. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე გაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2014 წლის კვლევაში საქართველო არ იყო. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 2020 წელს საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა და 3 ადგილით ჩამოქვეითდა, 2021 წელს კი ისევ გაუმჯობესდა, რასაც 2022 წელს დაახლოებით 2020 წლის პოზიციაზე დაბრუნება მოჰყვა.

საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში

წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2022 წლის რეიტინგი

ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს 8.17 ქულით. ფინეთს ყველაზე მაღალი ქულა – 8.74 სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში აქვს. შემდეგ მოდის სინგაპური, შვეიცარია და ახალი ზელანდია.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 5.04 აზერბაიჯანს აქვს და მსოფლიოში მე-60 ადგილს იკავებს. სომხეთი 63-ე ადგილზეა 5.0 ქულით, თურქეთი 81-ე ადგილზეა 4.56 ქულით და რუსეთი 85-ე ადგილზეა 4.47 ქულით.

რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის, ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება ვენესუელაშია დაცული. ვენესუელა 129-ე ადგილზეა 1.8 ქულით. შემდეგ მოდიან იემენი, ჰაიტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ფინეთი8.17
2სინგაპური7.97
3შვეიცარია7.94
4ახალი ზელანდია7.93
5ლუქსემბურგი7.89
6დანია7.81
7ნორვეგია7.80
8ნიდერლანდები7.78
9იაპონია7.68
10ავსტრია7.67

წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2022 წლის რეიტინგი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა