"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის მსოფლიო რეიტინგში
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 83-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ქვეყნების ეკონომიკის სიდიდისა და ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მაჩვენებლებს საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული მაჩვენებლები 6 აპრილს გამოაქვეყნა.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. ეს შედარება გვაძლევს ყველაზე ადეკვატურ სურათს, რომელი ერია უფრო მდიდარი. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. როდესაც საქართველოს შემოსავლის აშშ-ის შემოსავალთან შედარება ხდება, საქართველოს შემოსავალი მრავლდება საქართველოში დახარჯული დოლარის მსყიდველობით უნარზე. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ თითოეულ აშშ დოლარს 3.5-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულს.
სავალუტო ფონდის ბოლო კვლევა 193 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო 193 ქვეყანას შორის 83-ე ადგილზეა. რეიტინგი 2020 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 14,918 PPP დოლარი შეადგინა. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა, 2019 წელს 15,613 PPP დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2019-ში შემოსავალი უფრო მაღალი იყო, საქართველო რეიტინგში 86-ე ადგილზე იყო. შემოსავლის კლების მიუხედავად, რეიტინგში დაწინაურება სხვა ქვეყნების შემოსავლის მეტად შემცირებამ განაპირობა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, ხოლო ერთ მოსახლეზე შემოსავალი 15,709 PPP დოლარს მიაღწევს. რეიტინგში კი საქართველო 82-ე ადგილზე გადავა.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2020 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში იყო – 118,000 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი სინგაპური გავიდა 97,000 PPP დოლარით. ლუქსემბურგი და სინგაპური ქალაქ-სახელმწიფოებია, რომლებიც მსოფლიოს ფინანსურ და სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენენ. 2020 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდა, 2021 წელს კი 4%-ით გაიზრდება. სინგაპურის ეკონომიკა 2020 წელს 5.4%-ით შემცირდა, 2021 წელს კი 5.1%-ით გაიზრდება. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 94,400 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
შემოსავლების მიხედვით, საქართველო ყველაზე ახლოს გრენადასთან (15,431 PPP დოლარი), ბოსნია და ჰერცეგოვინასთან (15,047), ბრაზილიასა (14,916) და სურინამთან (14,513) არის.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 30,253 PPP დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 27,903 PPP დოლარით. აზერბაიჯანში საქართველოზე ნაკლები შემოსავალია – 14,431 PPP დოლარი. სომხეთში კი 13,261 PPP დოლარია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 760 PPP დოლარია. შემდეგ მოდის სამხრეთი სუდანი 791 PPP დოლარით და სომალი 925 PPP დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, 2020 წელი
ქვეყანა | PPP დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 118,000 |
2 | სინგაპური | 97,000 |
3 | ირლანდია | 94,400 |
4 | კატარი | 93,500 |
5 | შვეიცარია | 73,000 |
6 | ნორვეგია | 65,800 |
7 | აშშ | 63,400 |
8 | ბრუნეი | 62,400 |
9 | ჰონგ-კონგი | 59,500 |
10 | დანია | 59,000 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024