"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ინტერნეტის თავისუფლებით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

Forbes-WEB-22011102

ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 70 ქვეყანას მოიცავს. თუმცა ქვეყნები, რომლებიც რეიტინგში არ არიან შეტანილი, ძირითადად განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებია, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინტერნეტის თავისუფლების დონე მაღალი  იყოს. რეიტინგის მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2022 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2021 წლის რეალობას ასახავს.

ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა ინტერნეტის მეტ თავისუფლებას ნიშნავს. 100 ქულა შეფასების 3 კრიტერიუმზე ნაწილდება: მაქსიმუმ 25 ქულა მოდის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმუმ 35 ქულა მოდის ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაზე და მაქსიმუმ 40 ქულა მოდის ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დარღვევაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და გამოკითხვებით ხდება. ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 77 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს 70 ქვეყანას შორის. საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 19 – ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში აქვს. მხოლოდ ამ კრიტერიუმის მიხედვით საქართველო 21-ე ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით,  ინტერნეტზე ხელი ოჯახების 84%-ს მიუწვდება. ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 21%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. 2019 წელს საქართველოში 854 ათასი ინტერნეტის აბონენტი იყო, რაც 2021 წლის მარტისთვის 955 ათასამდე გაიზარდა.

ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში საქართველოს 35-დან 31 ქულა აქვს და ცალკე ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. ინტერნეტის მომხმარებლებს   არ ეზღუდებათ ვებსაიტებზე შესვლა, ინფორმაციის ატვირთვა ან გადმოტვირთვა, საკუთარი ვებსაიტების შექმნა,  ფორუმებისა და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება.  ასევე თავისუფალია აპლიკაციების გამოყენება.

ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დარღვევაში საქართველოს 40-დან 27 ქულა აქვს და ცალკე ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიისთვის დაცულია ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა, ბოლო პერიოდში საგამოძიებო უწყებები ითხოვდნენ ინფორმაციის წყაროს დასახელებას. ასევე მითითებულია სასამართლოს შეზღუდული თავისუფლება, რაც მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის რისკია.

2020 წელს საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო 76 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საქართველოს ქულა 77-მდე გაიზარდა, სხვა ქვეყნების ქულების მეტად გაუმჯობესების გამო, რეიტინგში 1 საფეხურით ქვემოთ ჩამოვიდა.

წყარო: Freedom House
ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ინტერნეტის გამოყენება ყველაზე თავისუფალი ისლანდიასა და ესტონეთშია. ისლანდიას მაქსიმალური 100 ქულიდან 96 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს – 94. ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში ისლანდიას და ესტონეთს 25-დან 25 ქულა აქვს.

რეიტინგის ტოპ-10-ეულში ძირითადად მდიდარი ქვეყნებია. საქართველო, რომელსაც მე-9 ადგილი უჭირავს და კოსტა-რიკა, რომელიც მე-4 ადგილზეა,  ამ მხრივ გამონაკლისები არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 71 ქულა აქვს და რეიტინგში მე-16 ადგილზეა. აზერბაიჯანს 35 ქულა აქვს და რეიტინგში 52-ე ადგილზეა. 53-ე ადგილზეა თურქეთი 34 ქულით და 58-ე ადგილზეა რუსეთი 30 ქულით.

რეიტინგში ბოლო, 70-ე ადგილზეა ჩინეთია 10 ქულით, სადაც გარკვეული ვებსაიტები დაბლოკილია, ხოლო ინტერნეტმომხმარებლების უფლებები საერთოდ არ არის დაცული. ქვემოდან მეორე ადგილზე ირანია 16 ქულით. შემდეგ მიანმარი მოდის 17 ქულით.

ინტერნეტის თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ისლანდია

96

2

ესტონეთი

94

3

კანადა

87

4

კოსტა-რიკა

87

5

ტაივანი

80

6

გერმანია

79

7

საფრანგეთი

78

8

გაერთიანებული სამეფო

78

9

საქართველო

77

10

იტალია

76

წყარო: Freedom House

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა