BMG ახალ პროექტს იწყებს. პირველად ქართულ მედიასივრცეში ბიზნესსა და ეკონომიკაზე ინგლისურენოვანი გადაცემა The Checkpoints-ი გამოჩნდება. გადაცემა ყოველ კვირა დღეს 22:00 საათზე BMG & Forbes ვებ პლატფორმებზე და სოციალურ ქსელებში გავა. გადაცემას პროექტის თანაავტორები Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე და Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი ელენე კვანჭილაშვილი წარუძღვებიან.
გადაცემა ყოველი კვირის ბოლოს, ინგლისურენოვანი მაყურებლისთვის შეაჯამებს კვირის გამორჩეულ მოვლენებს ეკონომიკასა და ბიზნესში. გადაცემის The Checkpoints დანიშნულებაა საქართველოში მოქმედ ბიზნეს ინდუსტრიებს გაუხსნას ახალი ასპარეზი, რათა გაიზარდოს მათი ცნობადობა და საქმიანობის მოცვის არეალი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც.
“ეს არის პირველი პროექტი, რომლითაც დავიწყებთ ბიზნესმედიას განვითარების კიდევ ერთ ახალ ეტაპს. ეს არის ჩვენი საერთაშორისო გაფართოების ამბიციები, ახალ ბაზრებზე გასვლა.. COVID-მა ჩვენც შეგვაფერხა, მაგრამ როგორც ხედავთ, მხოლოდ დროებით”, – ამბობს გადაცემის თანაავტორი ელენე კვანჭილაშვილი.
ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გადაცემა მისცემს საშუალებას ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს სრული და ობიექტური ვითარების ამსახველი ანალიტიკა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
“The Checkpoints იდეა თავის დროზე გავუზიარეთ ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, დონორებს. პროექტში ჩართულობაზე ინტერესი და მხარდაჭერა საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და IFI-ებმა დაადასტურეს”, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.
პროექტი სრულად მომზადებულია BMG-ს გუნდის მიერ.