პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის მთავრობამ ეკონომიკური დახმარების $160-მილიარდიანი პაკეტი დააანონსა, რომელიც ხუთ წელზე უნდა გადანაწილდეს და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის არაერთი სექტორი მოიცვას.
დახმარების პაკეტი კოვიდპანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის დასაძლევადაა შემუშავებული და ის ბიზნესის ხელშეწყობის გზით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.
საგულისხმოა, რომ მთავრობის განცხადებას აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით ინვესტორებისა და ტრეიდერების მხრიდან უაღრესად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა – საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებით რამდენიმე საათში თითქმის 2%-ით გაუფასურდა.
ამჟამად ერთი ბრიტანული სტერლინგის სანაცვლოდ 1.10 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების თითქმის 40-წლიანი მაქსიმუმია.
ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ 160 მილიარდი დოლარის დახარჯვა ინფლაციის ტემპის დაჩქარებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, სტიმულირების ნაცვლად, ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანს.
მთავრობის განმარტებით, ახალი პროექტი გადასახადების შემცირების პროგრამასა და სახელმწიფო სუბსიდიებს მოიცავს.